მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მსოფლიო ბაზარზე 30%-ით გაძვირებული ნავთობი - გაძვირდება საწვავი საქართველოში?

გერმანია

28 თებერვლიდან მსოფლიო ახალი მასშტაბური სამხედრო დაპირისპირების წინაშე აღმოჩნდა. ყველაფერი ირანზე ირაელისა და აშშ-ის სამხედრო ოპერაციით დაიწყო, რასაც ირანმა საპასუხო დარტყმებით უპასუხა რეგიონის სხვა ქვეყნებზეც.

ირანი, ისრაელის გარდა, რაკეტებით უტევდა არაერთ მეზობელს არაბთა გაერთიანებულ საამიროებს, საუდის არაბეთს, კატარს, ერაყს, ქუვეითსა და ბაჰრეინს. მთავარი სამიზნე რა თქმა უნდა, აშშ-ის სამხედრო ბაზებია.

ახლო აღმოსავლეთში ნებისმიერი დაძაბულობა, მით უფრო ასეთი მასშტაბის კონფლიქტი ბუნებრივია, გავლენას ახდენს ენერგეტიკულ ბაზრებზე, რადგან ეს ქვეყნები მსოფლიოში ნავთობის უმსხვილესი ექსპორტიორები არიან.

ასევე ჩაკეტილი რჩება ჰორმუზის სრუტე, ვიწრო გასასვლელი სპარსეთის ყურიდან ოკეანეში, რომელიც წლიურად მსოფლიო ნავთობის მეხუთედს ატარებს. ჰორმუზის სრუტიდან ნავთობი გააქვთ: საუდის არაბეთს, ირანს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებს (UAE), ქუვეითსა და ერაყს. ამიტომ გასაკვირი არაა, რომ მისმა ჩაკეტვამ ნავთობის ბაზრებზე მიწოდება შეაფერხა ამან კი ცხადია ფასი გაზარდა.

ბოლო ერთ კვირაში ნედლი ნავთობის ფასი 25- 35%-ით გაძვირდა.

გაძვირდა სანქცირებული რუსული ურალსიც, რომელიც ბირჟებზე საფასო ჭერზე ბევრად მეტი ღირს.

BMG-ის ანალიტიკოსი გიორგი თოლორდავა ამბობს, რომ ნედლეულის გაძვირება საბოლოო პროდუქტს ანუ საწვავს გააძვირებს.

"ნებისმიერ ინდექსს თუ დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ ნავთობის ფასი, როგორც სპარსეთის ყურის ქვეყნებში, ისე მის ფარგლებს გარეთაც, რეალურად მომატებულია. ამ პერიოდის განმავლობაში გაიზარდა რუსული ურალის ფასიც კი. მართალია, მეორე საკითხია, ვინ შეიძენს „ურალს“ გაზრდილ ფასად, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება საფონდო და ენერგეტიკულ ბირჟებზე ფასი ნომინალურად მაინც მომატებულია.

რაც შეეხება მიზეზს, უპირველეს ყოვლისა, ეს არის ირანის წინააღმდეგ მიმდინარე სამხედრო კონფლიქტი და ჰორმუზის სრუტის გადაკეტვა. ერთი მხრივ, ჰორმუზის სრუტე ფიზიკურად არის შეფერხებული, მეორე მხრივ კი, სადაზღვევო კომპანიებს აღარ სურთ იმ ტვირთის დაზღვევა, რომელიც ჰორმუზის სრუტეში უნდა გატარდეს. ფასების ზრდის მოლოდინი ისევ და ისევ რჩება, განსაკუთრებით, თუ კონფლიქტი ორ-სამკვირიან კრიტიკულ ზღვარს გასცდება. ამის შემდეგ, სავარაუდოდ, კიდევ უფრო უარესი პროგნოზები იქნება", - ამბობს თოლორდავა.

ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვა არა მხოლოდ ევროპულ ქვეყნებს, არამედ აზიასაც აზარალებს, რადგან ახლო აღმოსავლეთიდან ექსპორტირებული ნავთობის მომხმარებელია მსოფლიოს მეორე ეკონომიკა ჩინეთი, ინდოეთი და დიდი შვიდეულის წევრი იაპონიაც. რეგიონის ქვეყნის ენერგობიექტებზე თავდასხმით თუ სრუტის ჩაკეტვით თეირანი ცდილობს ენერგორესურსები ზეწოლისთვის გამოიყენოს, რადგან მიწოდების ჯაჭვებში შეფერხება აძვირებს საწვავს და სხვა პროდუქტებსაც. თან იმ პირობებში, როცა ამ სრუტით უკრაინის ომის გამო განსაკუთრებით საჭირო გათხევადებული გაზიც გადაიზიდება. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ნავთობთან ერთად გაძვირდა ბუნებრივი აირიც.

"ირანში დაწყებული კონფლიქტის შემდეგ, მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა. ეს, ერთი მხრივ, უკავშირდებოდა ირანის მიერ ყურის ქვეყნებზე მიტანილ იერიშს, რომლის დროსაც ნავთობის ინფრასტრუქტურა დაზიანდა, ხოლო მეორე მხრივ ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვას. ჰორმუზის სრუტეზე მსოფლიო ნავთობგადაზიდვების დაახლოებით მეოთხედი მოდის. ეს ნავთობი ძირითადად აზიის ქვეყნებისკენ: ჩინეთის, ინდოეთისა და იაპონიისკენ არის მიმართული. თუმცა ბუნებრივია, ფასების ზრდა და მიწოდების შეზღუდვა მხოლოდ ამ ქვეყნებს არ ეხება. ნავთობის ფასი მნიშვნელოვნად გაიზარდა მთელ მსოფლიოში. რაც შეეხება ნავთობპროდუქტებზე ფასის მატების ასახვას, ბუნებრივია, ნავთობის ფასის ზრდა საბითუმო ბაზარზე უფრო სწრაფად აისახება, ხოლო საცალო ბაზარზე მას გარკვეული დაგვიანების ეფექტი ახასიათებს. მთლიანობაში, ნავთობპროდუქტებზე ნავთობის ფასის ზრდის ასახვას დაახლოებით რამდენიმე კვირა სჭირდება", - ამბობს Galt & Taggart ოთარ ცუხიშვილი უფროსი ანალიტიკოსი.

გაზისგან განსხვავებით, სადაც საქართველოს ორი ტრადიციული მომწოდებელი ჰყავს აზერბაიჯანის და რუსეთის სახით და მსოფლიო ფასებს ამ წყაროებიდან მიღებულ ბუნებრივ გაზზე დიდი გავლენა არ აქვს, ნავთობის შემთხვევაში ნედლეულის გაძვირება ადგილობრივ ბაზარზე ყოველთვის აისახება.

საქართველო წელიწადში ჯამში 1,3 მილიარდი დოლარის ღირებულების ნავთობპროდუქტებს ყიდულობს ძირითადად რუსეთიდან.

ნავთობისა და ნავთობპროდუქტების Top 5 იმპორტიორი ქვეყანა (2025 წელი):

რუსეთი - 477 მლნ დოლარი;
რუმინეთი - 231 მლნ დოლარი;
ბულგარეთი - 193 მლნ დოლარი;
აზერბაიჯანი - 118 მლნ დოლარი;
თურქეთი - 108 მლნ დოლარი;

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვახტანგ იობაშვილი ამბობს, რომ არსებული ვითარების გათვალისწინებით, ადგილობრივ ბაზარზე საწვავი გაძვირდება:„საქართველოში, შიდა ბაზარზე ჯერ არანაირი რყევები არ არის. ავტოგასამართ სადგურებზე ფასთა სხვაობა ისევ ძველი, ერთი თვის წინანდელი მონაცემებით ნარჩუნდება. შიდა ბაზარზე ფასნამატები ჯერ არ გვაქვს, რადგან კომპანიებს გარკვეული მარაგები გააჩნიათ. თუმცა ველოდებით ცვლილებებს, რადგან მსოფლიოში, განსაკუთრებით სანავთობო ბაზრებზე, ძალიან არასახარბიელო სიტუაციაა“.

მისივე თქმით, საქართველოში ნავთობბაზების სიმცირე და შენახვის მაღალი ხარჯები კომპანიებს საშუალებას არ აძლევს, თვეების სამყოფი მარაგი დააგროვონ.

„ეს არის დაახლოებით ორკვირიანი მარაგები. კომპანიებს არ აქვთ იმის ფუფუნება და შესაბამისი ნავთობბაზები, რომ დიდი რაოდენობით პროდუქცია თვეების განმავლობაში შეინახონ. მარაგების შენახვას დამატებითი ფინანსები სჭირდება, რაც დღეს რთულია. შესაბამისად, ორ კვირაში ფასების ცვლილებას უნდა ველოდოთ.

ფორმულა ელემენტარულია: თუ ვიყიდით ძვირად - გავყიდით ძვირად. თუ პროდუქტი საყიდლად გაძვირდა, ბუნებრივია, ეს აისახება გასაყიდ ფასზეც. ჩვენი ბაზარი საერთაშორისო კონიუნქტურაზეა დამოკიდებული", - ამბობს იობაშვილი და დასძენს, რომ ნავთობის ფასის გარდა, საქართველოში საწვავს დოლარის კურსიც აძვირებს. გასულ კვირაში ლარი დოლართან მიმართებით ჯამში 6 თეთრით არის გაუფასურებული. სავალუტო შემოდინებები, რაც ძირითადად ტურიზმიდან და გადმორიცხვებიდან გვაქვს, მნიშვნელოვნად დამოკიდებულია ისრაელსა თუ გალფის ქვეყნებზე. სამხედრო დაპირისპირების პირობებში კი ყოველ დღე საქართველოდან ათობით რეისი უქმდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები