გასული თვეების მსგავსად, აგვისტოში დამმუშავებელი მრეწველობის სექტორში კლების ტენდენცია დაფიქსირდა. თუმცა საქსტატის თანახმად, აგვისტოში ამ დარგის ერთ-ერთი მთავარი კონტრიბუტორის, ფეროშენადნობების ექსპორტი დაახლოებით ორჯერ იყო გაზრდილი.
თუმცა ჯამურად წელს 8 თვის ჭრილში ამ პროდუქციის ექსპორტში 38%-იანი კლება ფიქსირდება. როგორც ფეროშენადნობთა ასოციაციაში BMG-სთან აცხადებენ, აგვისტოში შედარებით დადებითი ტენდენცია იმან განაპირობა, რომ იაფი ელექტროენერგიის პირობებში საწარმოების ნაწილმა მუშაობა განაახლა, თუმცა მომავალ თვეებთან დაკავშირებით მოლოდინები დადებითი ნაკლებადაა.
“აგვისტოს ჭრილში ფეროშენადნობების ექსპორტს მატება ჰქონდა, ეს გამოწვეული იყო იმ მიზეზით, რომ ზაფხულის პერიოდში ფეროშენადნობების მწარმოებლებს საქართველოში იაფიან ელექტროენერგიაზე ჰქონდათ წვდომა, რამაც ჩვენს დარგს ხელი ძალიან შეუწყო. თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა შემოდგომისთვის. სამწუხაროდ, შემოდგომა-ზამთრის პერიოდში ელექტროენერგიის ფასები მოიმატებს.
იმის ფონზე, რომ მსოფლიო ბაზარზე ფეროშენადნობებზე ფასები კვლავ დაბალია. დაახლოებით 1000-1150 დოლარის ფარგლებშია ერთ მეტრიკულ ტონაზე. შესაბამისად, თქმა, რომ რაიმე სასიკეთო იქნება ჩვენს დარგში, ძალიან ძნელია”, - განაცხადა ნუგზარ კევლიშვილმა.



























