მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მსოფლიო ბაზარზე ნავთობი კვლავ ძვირდება

ნავთობი

მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი კვლავ იზრდება, ბოლო ერთ თვეში ნედლეული 50%-ზე მეტით არის გაძვირებული. ნედლ ნავთობზე ფასი 100 დოლარს აჭარბებს, რაც თვიურ ჭრილში 52%-იანი მატებაა. 113 დოლარი ღირს Brent-ის ტიპის ნავთობი, თვის ჭრილში ზრდა 60%-ს აჭარბებს.

გაძვირებულია სანქცირებული რუსული ნავთობიც, რომელიც საფასო ჭერზე ბევრად ძვირი თითქმის 105 დოლარი ღირს, თვიურად ურალსი თითქმის 80%-ით გაძვირდა. 100 დოლარამდეა გაძვირებული WTI-ც [West Texas Intermediate]. მზარდი დინამიკის მიუხედავად, ფასს ბოლო წლების რეკორდისთვის, რაც 2022 წელს რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან მალევე დაფიქსირდა (139 დოლარი ბარელზე) ჯერ არ მიუღწევია.

13 მარტს ცნობილი გახდა, რომ აშშ-მა რუსული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ერთი თვით გააუქმა. დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ეს გადაწყვეტილება ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციას უკავშირდება, რამაც მსოფლიო ბირჟაზე ნავთობი მნიშვნელოვნად გააძვირა.

კერძოდ, 28 თებერვლიდან მსოფლიო ახალი მასშტაბური სამხედრო დაპირისპირების წინაშე აღმოჩნდა. ყველაფერი ირანზე ისრაელისა და აშშ-ის სამხედრო ოპერაციით დაიწყო, რასაც ირანმა რეგიონის სხვა ქვეყნებზეც საპასუხო დარტყმებით უპასუხა. ირანი, ისრაელის გარდა, არაერთ მეზობელს არაბთა გაერთიანებულ საამიროებს, საუდის არაბეთს, კატარს, ერაყს, ქუვეითსა და ბაჰრეინს რაკეტებით უტევდა. ახლო აღმოსავლეთში ნებისმიერი დაძაბულობა, მით უფრო ასეთი მასშტაბის კონფლიქტი ბუნებრივია, გავლენას ახდენს ენერგეტიკულ ბაზრებზე, რადგან ეს ქვეყნები მსოფლიოში ნავთობის უმსხვილესი ექსპორტიორები არიან.

ჩაკეტილი რჩება ჰორმუზის სრუტეც, ვიწრო გასასვლელი სპარსეთის ყურიდან ოკეანეში, რომელიც წლიურად მსოფლიო ნავთობის მეხუთედს ატარებს. ჰორმუზის სრუტიდან ნავთობი გააქვთ: საუდის არაბეთს, ირანს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებს (UAE), ქუვეითსა და ერაყს.

გუშინ, 22 მარტს, ტრამპმა ჰორმუზის სრუტის გასახსნელად ირანს 48 საათი მისცა, წინააღმდეგ შემთხვევაში ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმით დაიმუქრა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები