ფინჯანი ყავის ფასი, შესაძლოა, ახლო მომავალში, მკვეთრად გაძვირდეს. ყავის მწარმოებელ ტროპიკულ ქვეყნებში მომატებული ბუნებრივი კატაკლიზმების ფონზე, ყავის მარცვლების წარმოება გართულდა, რამაც მიწოდების ჯაჭვები ჩამოშალა. ყველაზე დიდი გამოწვევის წინაშე ბრაზილია აღმოჩნდა, რომელიც მსოფლიოში არსებული ყავის 40%-ის წარმოებაზე არის პასუხისმგებელი.
ბრაზილია ბოლო ათწლეულის ყველაზე საშინელ გვალვას ებრძვის, ხოლო არაბიკის ჯიშის ყავის ფასი 13-წლიან მაქსიმუმამდე გაიზარდა. ყავის მიწოდება, მართალია, ბოლო პერიოდში, მცირედით აღდგა, მაგრამ ყავის ბაზრის თავისებურებებიდან გამომდინარე, მიწოდების გაზრდა, ყავის ფასზე მყისიერად არ აისახება, მით უფრო, რომ კლიმატის ცვლილების პირობებში სამომავლო პროგნოზის გაკეთება, რთულია. დღეს, კილოგრამი ყავა გლობალურ სასაქონლო ბირჟაზე $5.82-ად ივაჭრება, როცა ერთი კვირის წინ, კილოგრამი ყავა $5.33 ღირდა, ანუ ერთ კვირაში პროდუქტი თითქმის 10%-ით გაძვირდა, ხოლო ერთი წლის ჭრილში ფასი 82%-ითაა გაძვირებული. ბოლოს, ყავის ასეთი ფასი 2011 წლის სექტემბერში დაფიქსირდა.
ყავის გლობალურ ბაზარზე მცენარის ორი ძირითადი ჯიში არის წარმოდგენილი - არაბიკა და რობუსტა. არაბიკის ჯიშის მარცვლებისგან მომზადებული ყავა უფრო რბილი და კომპლექსური, მაგრამ მჟავე გემოთი და ხილის ნოტებით გამოირჩევა, როცა რობუსტასგან მომზადებული ყავა უფრო ძლიერი და მწარეა და მიწიერი ნოტებით ხასიათდება. ამასთან, რობუსტასგან უფრო ძლიერი, ანუ კოფეინის მაღალი შემცველობის ყავა მზადდება. არაბიკას ჯიშის ყავას, როგორც წესი, კაფეებში იყენებენ, როცა რობუსტას მთავარი არეალი - ხსნადი ყავაა.
არაბიკას და რობუსტას შორის არსებულ ამ განსხვავებებს ის გარემო განაპირობებს, სადაც ყავა იზრდება. არაბიკის ჯიშის ყავის მარცვლები ეკვატორთან ახლოს, ზღვის დონიდან 600-დან 2,000 მეტრამდე შუალედში და შედარებით ცივ ადგილებში იზრდება, როცა რობუსტას ჯიშის ყავის მცენარეს ზღვის დონიდან უფრო დაბალ და შედარებით თბილ ადგილებში ვხვდებით, რის გამოც რობუსტას მოყვანა შედარებით უფრო მარტივია და შესაბამისად, ის უფრო იაფიცაა. თუმცა დაბალი ფასის მიუხედავად, ყავის გლობალური მიწოდების 65% არაბიკის ჯიშის მარცვლებზე მოდის.
რაოდენობრივად ყველაზე მეტ ყავას ბრაზილია აწარმოებს, რომელიც გლობალური მიწოდების 40%-ზე არის პასუხისმგებელი. ამასთან, ის არაბიკის ჯიშის ყავის უდიდესი და რობუსტას ჯიშის ყავის რიგით მეორე უდიდესი მწარმოებელია მსოფლიოში, ვიეტნამის შემდეგ, რომელიც, თავის წილ ყავის რიგით მეორე უდიდესი ექსპორტიორი სახელმწიფოა მსოფლიოში. ხუთეულში ასევე ვხვდებით კოლუმბიას, ინდონეზიას და ჰონდურასს.
რაც შეეხება საქართველოში ყავის იმპორტს, ეს მაჩვენებელი წლიდან წლამდე იზრდება და 2023 წელს რეკორდული $31.3 მილიონი დოლარი შეადგინა. თან, იმპორტის ზრდის დინამიკა გასულ წლებშიც ფიქსირდება - 2017 წლის შემდეგ, მაგალითად, საქართველოში ყავის იმპორტმა ღირებულებით 83%-ით იმატა, 10-წლიან ჭრილში კი, ზრდა 112%-ია. 2023 წელს, საქართველოში ყავა 38 ქვეყნიდან შემოვიდა, მაგრამ სულ მცირე $1-მილიონიანი იმპორტი რვა ქვეყნიდან ფიქსირდება, ესენია: ინდონეზია, იტალია, რუსეთი, ვიეტნამი, გერმანია, სომხეთი, თურქეთი და ნიდერლანდები.
ყავის იმპორტის ზრდის ტენდენცია მიმდინარე წელსაც გაგრძელდა. 2024 წლის პირველ ნახევარში, საქართველოში $20.9 მილიონის ყავა შემოვიდა, რაც ისტორიული მაქსიმუმია. შარშანდელთან შედარებით, ყავის იმპორტი 20%-ითაა მომატებული.