მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მსოფლიოს ნახშირის წიაღისეულის სექტორში სამუშაო ადგილების რაოდენობა 1 მლნ-ით შემცირდება - კვლევა

მაღარო

2050 წლისთვის ნახშირის წიაღისეულის სექტორი მსოფლიოს მასშტაბით თითქმის 1 მილიონ თანამშრომელს დაკარგავს. ყველაზე მასშტაბური დანაკარგი კი ინდოეთსა და ჩინეთს ექნებათ - ამის შესახებ Reuters-ი აშშ-ში დაფუძნებული ენერგიის გლობალური მონიტორინგის (Global Energy Monitor, GEM) ცენტრის კვლევაზე დაყრდნობით წერს. 

ნავარაუდებია, რომ 2050 წლამდე ასობით ისეთი მაღარო დაიხურება, სადაც ინტენსიური სამუშაოებისთვის ადამიანურ რესურსებს იყენებენ, რადგან საბადოები თავიანთ თავს ამოწურავენ, ქვეყნები კი ქვანახშირის ელექტროენერგიას შედარებით სუფთა, მწვანე წყაროებით ჩაანაცვლებენ. GEM-ის განმარტებით, მაღაროებს, რომლებიც ამ პერიოდში დაიხურებიან, პოსტ-ნახშირბადის ეკონომიკაში ოპერირების გაგრძელების არავითარი გეგმა შემუშავებული არ აქვთ. მსოფლიო ნახშირსაბადოების მონიტორინგის ხელმძღვანელი, დოროთი მეი, უცხოურ მედიასთან საუბრისას აღნიშნავს, რომ ნებისმიერი ქვეყნის ხელისუფლებას გეგმა უნდა ჰქონდეს შემუშავებული, რათა დარწმუნდეს, რომ ინდუსტრიის მუშები ამ ცვლილებით არ იზარალებენ. მისი თქმით, ნახშირბადის მაღაროების დახურვა გარდაუვალია, თუმცა ეკონომიკური სიდუხჭირე და მუშათა კლასის სოციალური დაპირისპირება - არა. 

კვლევის ფარგლებში GEM მსოფლიოს მასშტაბით ნახშირის საბადოს 4 300 აქტიურ პროექტს დააკვირდა  და მათი სრული სამუშაო ძალა, დაახლოებით, 2.7 მილიონი თანამშრომელი შეისწავლა. კვლევამ აჩვენა, რომ 400 000-ზე მეტი მუშა ისეთ მაღაროშია დასაქმებული, რომელშიც მოპოვებითი სამუშაოები 2035 წლამდე შეწყდება.

იმ შემთხვევაში, თუ მსოფლიო გლობალური დათბობის წინააღმდეგ ახალ გეგმებს შეიმუშავებს და პლანეტის ტემპერატურას 1.5 გრადუსით შეამცირებს, მსოფლიოს მასშტაბით მხოლოდ 250 000 მაღაროელისთვის საკმარისი სამუშაო დარჩება, ამჟამინდელი სამუშაო ძალის 10%-ზე ნაკლები. 

ჩინეთის ნახშირის ინდუსტრია მსოფლიოში უდიდესია და 1.5 მილიონზე მეტ ადამიანს ასაქმებს. ენერგეტიკის მონიტორინგის კვლევის თანახმად, 1 მილიონი სამუშაო ადგილიდან, რომელსაც სექტორი 2050 წლამდე შეამცირებს, 240 ათასი სწორედ ჩინეთის პროვინციებზე მოდის.

ჩინეთის წიაღისეულმა სექტორმა ბოლო წლებში რეკონსტრუქციის რამდენიმე ტალღა უკვე გადალახა. სექტორში დასაქმებული ადამიანებისათვის კი საცხოვრებელი პირობების შენარჩუნებაზე პასუხისმგებელი თავად ინდუსტრია და სახელმწიფო იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები