ჯორჯთაუნის ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების ინსტიტუტი ქართველი ხალხისა და სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერად ღია წერილს აქვეყნებს, რომელსაც ხელს მსოფლიოს ქალი ლიდერები, მოქმედი და ყოფილი დიპლომატები, მათ შორის ჰილარი კლინტონი აწერენ.
ღია წერილში ნათქვამია, რომ მმართველი პარტიის ქმედებები საქართველოს კონსტიტუციისა და ადამიანების ფუნდამენტური უფლებების უხეში დარღვევაა. ქალმა ლიდერებმა საერთაშორისო საზოგადოებას საქართველოში დემოკრატიის დაცვისა და ქართველი ხალხის მხარდაჭერისკენ მოუწოდეს.
"ჩვენ, ხელმომწერი ქალი ლიდერები, სოლიდარობას ვუცხადებთ ქართველ ხალხს და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს საქართველოს ისტორიის ამ კრიტიკულ მომენტში. ბოლო მოვლენებმა თბილისში, სადაც 200 000-ზე მეტი მოქალაქე ქუჩაში პრორუსი მმართველი პარტიის მიერ ევროკავშირში გაწევრიანების შეწყვეტის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, აჩვენა ქართველი ხალხის ურყევი ერთგულება ევროპული მომავლისა და დემოკრატიისადმი.
მმართველი პარტიის ქმედებები, მათ შორის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების შეწყვეტა და მშვიდობიანი დემონსტრაციების ძალადობრივი ჩახშობა, საქართველოს კონსტიტუციისა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების პირდაპირი დარღვევაა.
საერთაშორისო საზოგადოებამ დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. მოვუწოდებთ ევროკავშირს, უცხოელ მთავრობებსა და მულტინაციონალურ გაერთიანებებს, მხარი დაუჭირონ პრეზიდენტ ზურაბიშვილის მანდატებს და საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას მტკიცე მხარდაჭერა გამოუცხადონ.
საქართველო არ არის იზოლირებული შემთხვევა: ის არის კრიტიკული ბრძოლის ველი ავტორიტარიზმსა და დემოკრატიას შორის გლობალურ ომში. ქალი ლიდერები მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, გადამწყვეტი ზომები მიიღონ საქართველოს დემოკრატიის, მისი ხალხისა და პრეზიდენტის მტკიცე გამბედაობის დასაცავად", - ნათქვამია ღია წერილში.
წერილს ხელს აწერენ:
ჰელენ კლარკი - ახალი ზელანდიის ექსპრემიერი
ჰილარი კლინტონი - აშშ-ის 67-ე სახელმწიფო მდივანი
ჯულია გილარდი - ავსტრალიის ექსპრემიერი
დალია გრიბაუსკაიტე - ლიეტუვის ექსპრეზიდენტი
სანა მარინი - ფინეთის ექსპრემიერი
მონიკა მაკუილიამსი - ჩრდილოეთ ირლანდიის საკანონმდებლო ასამბლეის ყოფილი წევრი
მარი რობინსონი - ირლანდიის ექსპრეზიდენტი
ელენ ჰონსონ სერლიფი - ლიბერიის ექსპრეზიდენტი
მელანი ვერვეერი - აშშ-ის ყოფილი ელჩი ქალთა გლობალურ საკითხებში




























