მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მსოფლიოს საუკეთესო ჰეჯ-ფონდების რეიტინგი

63db64df30d93
გიორგი თოლორდავა
02.02.23 15:45
960
გასული 2022 წელი საფინანსო-საინვესტიციო ორგანიზაციებისთვის, გამოწვევებით სავსე აღმოჩნდა. განსაკუთრებით არასახარბიელო შედეგები კი ჰეჯ-ფონდებს ჰქონდათ, რაც საფონდო ბირჟების ვარდნითა და ძირითადი ინდექსების შემცირებითაა განპირობებული.

ჰეჯ-ფონდი პროფესიონალურად მართული საფინანსო ინსტიტუტია, რომლის მთავარი დანიშნულებაც ინვესტორებისთვის მაქსიმალური მოგების გენერირება და ბაზარზე არსებული რისკების შემცირებაა, ანუ ჰეჯირება.

ბანკებისა თუ საინვესტიციო ფონდებისგან განსხვავებით, ჰეჯ-ფონდები არ მოქმედებენ მკაცრად გაწერილი რეგულაციების შესაბამისად და ისინი ინვესტირებას ახდენენ პრაქტიკულად ყველაფერში, როგორც ფასიან ქაღალდებში, ასევე უძრავ ქონებაში, ციფრულ აქტივებსა თუ ხელოვნების ნიმუშებშიც კი. თავისი არსით ჰეჯ-ფონდი გამოცდილ კლიენტებზეა გათვლილი და ამ სახის სერვისით სარგებლობა საკმაოდ ძვირ სიამოვნებასაც წარმოადგენს.

ჰეჯ-ფონდებს ბანკებთან შედარებით თითქმის ათჯერ უფრო მაღალი საკომისიოები აქვთ, ანგარიშის გასახსნელად აუცილებელი საწყისი კაპიტალის მოცულობა კი ხშირად მილიონ დოლარს აღწევს. ცხადია, ასეთი სახის მომსახურების სანაცვლოდ ინვესტორები შესაბამის სერვისსაც იღებენ - ეს ჰეჯ-ფონდის წლიური ამონაგებია, რომელიც საფონდო ინდექსებთან შედარებით გაცილებით მეტია, ხშირად ხუთჯერ მეტიც კი.

ჰეჯ-ფონდები უმეტესწილად ყველაზე გამოცდილ და ნიჭიერ ტრეიდერებსა თუ ანალიტიკოსებს ასაქმებენ, თუმცა მიუხედავად ასეთი საბრძოლო არსენალისა, 2022-მა წელმა მსოფლიოს საუკეთესო ჰეჯ-ფონდების დამარცხებაც შეძლო.

საერთო ჯამში, გასულ წელს მსოფლიოს 20-მა წამყვანმა ჰეჯ-ფონდმა კლიენტებისთვის თითქმის სამჯერ ნაკლები მოგების გენერირება შეძლო, ვიდრე 2019-2020 წლებში.

LCH Investments-მა ფინანსურ შედეგებზე დაყრდნობით საუკეთესო ჰეჯ-ფონდების რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელიც მსოფლიოს უმსხვილეს საფინანსო ორგანიზაციებს აერთიანებს.


1. Citadel | +$16.0 მლრდ

რეიტინგში პირველ ადგილს Citadel-ი იკავებს, რომელმაც წელი არათუ არასახარბიელო, არამედ რეკორდული შედეგებით დაასრულა - ჩიკაგოში დაფუძნებულმა ჰეჯ-ფონდმა კლიენტებისთვის 16 მილიარდი დოლარის გენერირება შეძლოს, რაც ჰეჯ-ფონდების ისტორიაში დაფიქსირებული უმაღლესი მაჩვენებელია.

მიუხედავად საფონდო ბირჟების ვარდნისა და მსოფლიოს მასშტაბით გაუარესებული მაკროეკონომიკური მდგომარეობისა, Citadel-ის ფლაგმანურმა საინვესტიციო ფონდმა, Wellington-მა 38.1%-იანი წლიური ამონაგების დაფიქსირება შეძლო, რაც ინდუსტრიის საშუალო მაჩვენებელზე თითქმის ორჯერ მეტია.

Citadel-ის შედეგმა 2007 წელს ჯონ პოლსონის ჰეჯ-ფონდის მიერ დაფიქსირებული $15-მილიარდიანი რეკორდი მოხსნა და ის ისტორიაში საუკეთესო ერთწლიანი შედეგის მქონე ჰეჯ-ფონდი გახდა.

Citadel-ის სათავეში ამერიკელი ინვესტორი, კენ გრიფინია, რომელმაც 2022 წელს გვირგვინი თავად ჰეჯ-ფონდების მეფედ აღიარებულ რეი დალიოს წაართვა.


2. D. E. Shaw | +$8.2 მლრდ

მეორე ადგილზე D. E. Shaw-მ გადაინაცვლა, 1988 წელს ნიუ-იორკში დაფუძნებულმა ჰეჯ-ფონდმა კლიენტებისთვის 8.2 მილიარდი დოლარის გამომუშავება შეძლო, რაც თითქმის ორჯერ ნაკლებია Citadel-ის მოგებაზე და ის კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ამ ზემოხსენებული ჰეჯ-ფონდის რეკორდულ შედეგს.

D. E. Shaw განსაკუთრებით ცნობილი საკუთარი კომპლექსური მათემატიკური ფორმულებითაა, რომელიც კომპანიის ანალიტიკოსებს აძლევს იმის საშუალებას, რომ მსოფლიოს ნებისმიერ ბირჟასა თუ ბაზარზე აღმოაჩინონ ხელსაყრელი ტენდენციები და ეს ინფორმაცია უპირატესობის მისაღებად გამოიყენონ. სხვა ჰეჯ-ფონდებთან შედარებით, D. E. Shaw-ს ხშირად ანალიტიკურ ბიუროდაც კი მოიხსენიებენ, რადგან აღნიშნული კომპანია გადაწყვეტილებებს მხოლოდ მონაცემების ანალიზის საფუძველზე იღებს.


3. Millennium | +$8.0 მლრდ

$8-მილიარდიანი წლიური ამონაგებით მესამე ადგილს Millennium Management-ი იკავებს, რომელიც თითქმის 60 მილიარდი დოლარის აქტივებს აკონტროლებს.

თუკი გასული წლების შედეგებს შევადარებთ, მსოფლიოს საუკეთესო ჰეჯ-ფონდების რეიტინგში მესამე ადგილზე მოხვედრა Millennium-ის ყველაზე გამორჩეულ შედეგად უნდა ჩაითვალოს, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც ტოპ სამეულში კარდინალური ცვლილებები ფიქსირდება, რაც სწორედ 2022 წლის უჩვეულო ეკონომიკური მოცემულობებითაა განპირობებული.


4. Bridgewater | +$6.2 მლრდ

უცნაურია ისიც, რომ რეიტინგის სამეულში ვეღარ ვხედავთ Bridgewater-ს. ტახტიდან ჩამოქვეითებულმა რეი დალიომ LCH-ის რეიტინგში მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა, მისმა ლეგენდარულმა ჰეჯ-ფონდმა, Bridgewater-მა კი გასულ წელს ინვესტორებისთვის $6.2-მილიარდიანი მოგების გენერირება შეძლო, რაც 1975 წელს დაფუძნებული ჰეჯ-ფონდისთვის უჩვეულოდ ცუდი შედეგია.

Bridgewater-ის პორტფელში ყველაზე დიდი წილი სამედიცინო-ფარმაცევტულ კომპანიებს აქვთ, მათ შორის, Johnson & Johnson-ს და P&G-ს. გარდა ამისა, რეი დალიოს ჰეჯ-ფონდი Coca-Cola-სა და Pepsi-ს მსხვილი აქციონერიცაა, აღნიშნული კომპანიებისთვის კი გასული 2022 წელი წარმატებული ნამდვილად ვერ აღმოჩნდა, მათი აქციების შემცირებამ და ჰეჯ-ფონდის ამონაგებზეც ნეგატიურად იმოქმედა.

რეი დალიოს განცხადებით, ინვესტორებს სანერვიულო არაფერი აქვთ, რადგან მსოფლიოს მასშტაბით ეკონომიკური ვითარების დასტაბილურებასთან ერთად, Bridgewater-იც აუცილებლად დაუბრუნდება ჩვეულ ფორმას და რეიტინგის სათავეს.


5. Brevan Howard | +$5.1 მლრდ

მეხუთე ადგილს ევროპული ჰეჯ-ფონდი, Brevan Howard-ი იკავებს, რომელიც კაიმანის კუნძულებზეა რეგისტრირებული. კონკურენტებთან შედარებით ახალმა, სულ რაღაც 21 წლის ჰეჯ-ფონდმა გამოწვევებით აღსავსე წელს ინვესტორებისთვის 5.1 მილიარდი დოლარის გენერირება შეძლო.

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ Howard-მა აღნიშნული მოგების მიღება სულ რაღაც $26-მილიარდიანი პორტფელით შეძლო. აქტივებისა და მოგების ასეთი შეფარდებით ჰეჯ-ფონდი რეიტინგის ტოპ სამეულშია.

Brevan Howard-ის მთავარი უპირატესობა სწორედ ისაა, რომ იგი კაიმანის კუნძულებზეა რეგისტრირებული, აშშ-სთან შედარებით გაცილებით მსუბუქი რეგულაციები კი ჰეჯ-ფონდს მეტი მოქნილობის საშუალებას აძლევს. აგრეთვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ კომპანია მხოლოდ მრავალწლიანი სტაჟის მქონე ტრეიდერებითა და ანალიტიკოსებითაა დაკომპლექტებული, მათი საშუალო წლიური ხელფასი კი 800,000 დოლარს აჭარბებს და ხშირად რამდენიმე მილიონის ფარგლებშიც კია.


6. Elliott | +$2.8 მლრდ

რეიტინგში მეექვსე ადგილსაც ამერიკული ჰეჯ-ფონდი, Elliott Management-ი იკავებს, რომელმაც $56-მილიარდიანი აქტივების პორტფელიდან 2.8 მილიარდი დოლარის მოგების გენერირება შეძლო. თუკი აქტივებისა და მოგების შეფარდების პარამეტრით შევაფასებთ, Elliott-ს მეხუთე ადგილოსან ჰეჯ-ფონდთან შედარებით თითქმის ორჯერ უარესი შედეგი აქვს.

აღსანიშნავია, რომ Elliott-ი ტრადიციული ჰეჯ-ფონდი არ არის, ის აქტივისტთა ფონდია, ანუ მასში ინვესტირებას აქტივისტი ინვესტორები ახორციელებენ. ფონდის საქმიანობა საკმაოდ მარტივია, ის ყიდულობს ისეთი კომპანიების აქციებს, რომლებიც გარემოსდაცვითი თუ სხვა მიმართულებით არასახარბიელო პრაქტიკით გამოირჩევიან. აქტივისტი ინვესტორები კი თავიანთ წილს იმისათვის იყენებენ, რომ კომპანიის მენეჯმენტს შედარებით მდგრადი და ეთიკური გადაწყვეტილებების მიღებისკენ უბიძგონ.


7. Point72 | +$2.4 მლრდ

მეშვიდე ადგილზე $2.4-მილიარდიანი ამონაგებით ყველაზე საეჭვო რეპუტაციის მქონე ჰეჯ-ფონდი, Point72-ა. საქმე ისაა, რომ ეს ჰეჯ-ფონდი 2014 წელს დაფუძნდა, თუმცა ის რეალურ სათავეს 1992 წლიდან იღებს. Point72-ს წინამორბედი S.A.C. Capital-ი იყო, რომელსაც ინსაიდერული ტრეიდინგის გამო $2-მილიარდიანი ჯარიმა დაეკისრა და დაიშალა.

Point72 სწორედ S.A.C.-ის გუნდის ახალი პროექტია, თავად კომპანიის დირექტორი სტივენ კოენია, რომელიც S.A.C-ის დამფუძნებელი იყო.


8. Caxton | +$2.1 მლრდ

ბრიტანული ჰეჯ-ფონდი Caxton Management-ი რეიტინგში მერვე ადგილს იკავებს, მან 2022 წელს ინვესტორებისთვის 2.1 მილიარდი დოლარის მოგების გენერირება შეძლო.

1983 წელს ლონდონში დაფუძნებული ჰეჯ-ფონდი თავისი მასშტაბებით ყველაზე მცირე ზომისაა, ის სულ რაღაც 200 თანამშრომელს ასაქმებს და 10 მილიარდ დოლარზე ნაკლების აქტივებს აკონტროლებს.


9. Appaloosa | +$1.6 მლრდ

მეცხრე ადგილზე $13-მილიარდიანი პორტფელითა და $1.6-მილიარდიანი ამონაგებით Appaloosa Management-ია. ამერიკული ჰეჯ-ფონდის ძირითადი საქმიანობა ვალდებულებების პორტფელითა და სახელმწიფო ობლიგაციებით ვაჭრობაა.


10. Farallon | +0.5 მლრდ

მსოფლიოს საუკეთესო ჰეჯ-ფონდების რეიტინგში მეათე ადგილი Farallon Capital-მა დაიკავა, რომელმაც $40-მილიარდიანი პორტფელით ინვესტორებისთვის 500 მილიონი დოლარის მოგების გენერირება შეძლო.

Farallon-ის ძირითადი საქმიანობა საქველმოქმედო ფონდების, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანებისა და მათი ოჯახების ქონების განკარგვაა.

2022 წელი როგორც სხვა ჰეჯ-ფონდებისთვის, ასევე Farallon-ისთვის წარმატებული ნამდვილად ვერ აღმოჩნდა, თუ რა თქმა უნდა, Citadel-ის რეკორდულ შედეგს არ ჩავთვლით.


"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები