არასამთავრობო ორგანიზაცია “ტრანსკავკასიური ბილიკი” 21 ოქტომბერს „ბანფის“ მსოფლიოს სამთო ფილმების ფესტივალს უმასპინძლებს. როგორც „ქალების ნარატივში" სტუმრობისას ორგანიზაციის გრანტების მენეჯერმა, რიმა ბერიძემ განაცხადა, ღონისძიება სასიამოვნო ფანტასტიკური ფილმების სანახავად, გათამაშებაში მონაწილეობისთვის, საჩუქრებისა და მთასთან დაკავშირებული სხვა საინტერესო აქტივობებისთვის კინოთეატრ “ამირანში” დააკავშირებს მთის მოყვარულებს მთელი კავკასიიდან.
„ყოველწლიურად ასობით ფილმი იღებს კონკურსში მონაწილეობას და ყოველ შემოდგომაზე მხოლოდ 80 შეირჩევა „ბანფის“ ერთკვირიან ფესტივალზე წარსადგენად. ამ საუკეთესო ფილმებიდან თბილისში წარმოგიდგენთ წინასწარ შერჩეულ 2-საათიან პროგრამას. წარმოდგენილი ფილმები იქნება ქართული სუბტიტრებით“, - აღნიშნავს რიმა ბერიძე და დასძენს, რომ სამთო ფილმების მიმართ ინტერესი საქართველოში გაიზარდა.
ბილეთის ფასია 32 ლარი და მოიცავს კინოზე დასწრებისა და ერთი გათამაშების ბილეთის ღირებულებას. ღონისძიებიდან შემოსული თანხა კი ხელს შეუწყობს საქართველოში გრძელვადიანი ტრანსკავკასიური ბილიკის განვითარებას.
პროექტი „ტრანსკავკასიური ბილიკი“ კავკასიონის გასწვრივ შენდება და ერთმანეთთან 3 ქვეყანას, საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს დააკავშირებს.