მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული თევზი - იაპონიაში აუქციონზე თინუსი $3,2 მილიონად გაიყიდა

თინუსი რეკორდი

იაპონიაში, მსოფლიოში ცნობილ ტოიოსუს თევზის ბაზრობაზე 5 იანვარს, 243-კილოგრამიანი ლურჯფარფლიანი თინუსი რეკორდულ $3,2 მილიონად გაიყიდა.

წლის პირველი თევზის აუქციონი ტოკიოში ყოველ 5 იანვარს იმართება და აუქციონზე გამოტანილი პირველი თინუსი ყოველთვის ყველაზე მაღალი ხარისხისაა, ე.წ. Ichiban-maguro.

აუქციონი ამ ჯერზე Kiyomura Corp.-მა მოიგო, რომლის მფლობელიც “თინუსის მეფედ” ცნობილი კიოში კიმურაა. კომპანია ადგილობრივ ბაზარზე სუში რესტორნების ქსელს - Sushi Zanmai-ს ფლობს.

კიმურა აუქციონებში რეგულარულად მონაწილეობს, მასვე ეკუთვნის ბაზარზე 2019 წელს დაფიქსირებული რეკორდი, როდესაც აუქციონზე თევზი $2.1 მილიონად გაიყიდა.

კიმურასთვის აუქციონზე საუკეთესო თინუსის შეძენა და წლის დასაწყისში თავის რესტორნებში მისი შეთავაზება ერთგვარი რიტუალია, იგი თვლის, რომ თევზი ხალხისთვის იღბლის მომტანია.

ძვირად ღირებული თევზი ჩრდილოეთ იაპონიაში, ომას სანაპიროსთან დაიჭირეს. ეს რეგიონი ქვეყნის საუკეთესო თინუსის წარმოებითაა ცნობილი, აქ დაჭერილი თინუსის ფასი კილოგრამზე 2,1 მილიონი იენია, რაც 13 360 აშშ დოლარს უდრის.

სუში და საშიმის პოპულარობის გამო, წყნარი ოკეანის ლურჯფარფლიანი თინუსი გადაშენების წინაშე იდგა, თუმცა კონსერვაციული ძალისხმევის წყალობით მოხერხდა პოპულაციის გადარჩენა, სწორედ ეს განაპირობებს მის მაღალ ფასს.

ტოკიოს თევზის ბაზრობა ცნობილია, როგორც ყველაზე მაღალი ხარისხის თევზით ვაჭრობის ადგილი და ბოლო წლებში ტურისტულ ატრაქციადაც იქცა, ბაზრობა დილით ადრე იხსნება და ზღვის პროდუქტების დიდ არჩევანს სთავაზობს მყიდველს, აუქციონი კი თევზის რაოდენობის მიხედვით 20 წუთიდან 1 საათამდე გრძელდება. ბაზრობის ტერიტორიაზე ასევე ათობით რესტორანია განლაგებული, რომელშიც ბაზრობაზე გასაყიდად გამოტანილი პროდუქციის დაგემოვნებაა შესაძლებელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები