მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტოკიოს საერთაშორისო გამოფენა Tourism EXPO Japan-ში 10-მდე ქართული კომპანია მონაწილეობდა

Tourism EXPO Japan

საქართველომ იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში გამართულ მსოფლიოში ერთ-ერთ უმსხვილეს საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში – Tourism EXPO Japan-ში მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

საქართველოს ეროვნულ სტენდზე მოეწყო პრეზენტაციები, სადაც ადგილობრივი მედიისა და ტურისტული ინდუსტრიის წარმომადგენლები ქვეყნის ტურისტულ პოტენციალს, ღირსშესანიშნაობებსა და პროდუქტებს გაეცნენ.

გამოფენაში ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, სვანეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია (DMO) და ქართული კერძო სექტორის ათამდე კომპანია მონაწილეობდა.

"გამოფენის ფარგლებში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მაია ომიაძემ სამუშაო შეხვედრები გამართა იაპონიის ტურიზმის სააგენტოს ხელმძღვანელ პირებთან, PR და მარკეტინგულ სააგენტოებთან, წამყვან ავიაკომპანიებთან და ტუროპერატორებთან.

შეხვედრებზე იაპონიიდან ტურისტული ნაკადების ზრდის დინამიკა და იაპონურ ბაზარზე საქართველოს ცნობადობის ამაღლების საკითხები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის განვითარების პერსპექტივებს, მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვასა და საქართველოს, როგორც ოთხი სეზონის მიმართულების პოზიციონირებას", - ნათქვამია გავრცელებულ პრესრელიზში.

აღსანიშნავია, რომ წლევანდელ Tourism EXPO Japan-ზე 80-ზე მეტი ქვეყნის 1 300-ზე მეტი ორგანიზაცია იყო წარმოდგენილი, ხოლო ვიზიტორთა რაოდენობამ დაახლოებით 180 ათასი შეადგინა.

ცნობისთვის, ოფიციალური სტატისტიკით, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში იაპონიიდან საქართველოში 3 524 ვიზიტი შესრულდა, რაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 11.3%-ით (448 ვიზიტით) ნაკლებია. გასულ წელს ამ ქვეყნიდან ტურისტების რაოდენობამ პანდემიამდელ ნიშნულსაც გადააჭარბა და 9 474 შეადგინა.

პანდემიამდელ 2019 წელს იაპონიიდან საქართველოში 9 413 ვიზიტი განხორციელდა. COVID-19-ის პერიოდში მკვეთრი ვარდნის შემდეგ, ბაზარზე ეტაპობრივი აღდგენა დაიწყო: 2022 წელს ვიზიტების რაოდენობამ 1 911 შეადგინა, 2023 წელს – 4 191, 2024 წელს კი მაჩვენებელი 6 337-მდე გაიზარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები