2023 წლის 9 თვის მონაცემებით, მსოფლიო საავტომობილო ბაზარი გაიზარდა და მისი უპირობო ლიდერი Tesla-ს ელექტრომობილი Model Y-ია, რომლის გაყიდვებიც, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 65.9%-ით გაიზარდა. წლის სამი კვარტალის შედეგებს ავტო ინდუსტრიის ერთ-ერთი წამყვანი კვლევითი ცენტრი - Focus2Move - აქვეყნებს, რომელიც თავის ანგარიშში ყველაზე გაყიდვადი ავტომობილების რეიტინგს მსოფლიოს 162 ქვეყნის ყოველთვიურ მონაცემებზე დაყრდნობით ადგენს.
ანგარიშში მსოფლიოს მასშტაბით 100 ყველაზე გაყიდვადი ავტომობილია წარმოდგენილი, რომელთა შორისაც, მართალია, ტრადიციული, შიდა წვის ძრავზე მომუშავე მანქანები დომინირებენ, თუმცა, ცალსახად ჩანს, რომ ინდუსტრიაში ელექტრომობილების წილი მზარდია.
რაც შეეხება რეიტინგის TOP ათეულს, მის პირველ ადგილს მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული ავტომწარმოებლის, Tesla-ს ელექტრომობილი Model Y - 883 981 გაყიდული ერთეულით იკავებს, რომელიც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3 პუნქტით დაწინაურდა.
რეიტინგის მეორე ადგილს გასული წლის ყველაზე პოპულარული მოდელი, Toyota Corolla იკავებს, რომლის გაყიდვებიც, 2022 წელთან შედარებით, 2.0%-ით შემცირდა და 815 035 ერთეული შეადგინა.
ყველაზე გაყიდვად ავტომობილთა ჩამონათვალში პირველი პიკაპი - Ford F-series მოხვდა, რომლის 672 117 ერთეული გაიყიდა, რაც კომპანიისთვის წლიურ ჭრილში 19.6%-იანი ზრდაა.
Toyota Rav 4 გასულ წელთან შედარებით 2 პუნქტით ჩამოქვეითდა და TOP ათეულში მეოთხე ადგილი 651 117 გაყიდული ერთეულით დაიკავა.
მეხუთე ადგილს Honda CR-V იკავებს, რომელმაც შარშანდელი შედეგები 8.1%-ით გააუმჯობესა. წელს, მსოფლიოს მასშტაბით, 493 767 CR-V გაიყიდა.
რეიტინგის შემდეგ ადგილს Toyota Camry მოხვდა, რომლის გაყიდვებიც წლიურ ჭრილში 5.5%-ით შემცირდა და 463 836 ერთეული შეადგინა.
რაც შეეხება Hyundai Tucson-ს, ამ მოდელის გაყიდვები, 2022 წლის 9 თვესთან შედარებით, 12.1%-ით გაიზარდა და 463 059 ერთეულით, ავტომობილი რეიტინგის მეშვიდე ადგილს იკავებს.
მერვე პოზიციას 453 640 გაყიდული ერთეულით Chevrolet Silverado იკავებს, რომელმაც გასული წლის შედეგები 4.9%-ით გააუმჯობესა.
ყველაზე პოპულარულ ავტომობილთა სიაში მოხვდა Toyota Hilux-იც - მსოფლიოში ამ მოდელის 435 834 ავტომობილი გაიყიდა.
დაბოლოს, ყველაზე გაყიდვადი ავტომობილების რეიტინგის RAM-ის პიკაპი ხურავს, რომლის გაყიდვებიც, გასულ წელთან შედარებით, 6.1%-ით შემცირდა და 395 234 ერთეული შეადგინა.
აღსანიშნავია ისიც, რომ TOP 100-ში თავიანთი პოზიციები ყველაზე თვალსაჩინოდ ელექტრომობილების მწარმოებელმა კომპანიებმა გაიუმჯობესეს, რომელთა შორის ხვდება BYD-იც, რომლის გაყიდვებიც 2023 წლის 9 თვის განმავლობაში 105.7%-ით გაიზარდა.