მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მსოფლიოში ხარისხიანი ღვინის ჭარბწარმოებაა, კონკურენცია სულ უფრო რთულდება - "თბილღვინოს" გეგმები

ზურაბ მარგველაშვილი

კომპანია „თბილღვინო“ 2024 წელს, ღვინის რეალიზაციის გაზრდასთან ერთად, აქცენტს ხარჯების ოპტიმიზაციაზე გააკეთებს. კომპანიის 2023 წლის მიღწევებსა და 2024 წლის გეგმებზე „საქმის კურსთან“ „თბილღვინოს“ დამფუძნებელმა ისაუბრა.

ზურაბ მარგველაშვილი ამბობს, რომ პოსტპანდემიური წლები მრავალი სირთულით ხასიათდება, თუმცა ამ ვითარებაშიც მათი მთავარი მიზნები ღვინის სარეალიზაციო ბაზრების დივერსიფიცირება და ამ ბაზრებისთვის მაღალხარისხიანი ღვინის მიწოდება არ შეცვლილა.

„თბილღვინო აგრძელებს 30 ქვეყანაში ქართული მაღალხარისხიანი ღვინის ექსპორტს და ქართული ღვინის რეპუტაციის გაძლიერებას. კოვიდის შემდგომი წლები მრავალი სირთულით ხასიათდება. ვფიქრობთ, რომ გაყიდვების შენარჩუნება, ამ ვითარებაში, არის პროგრამა მინიმუმი, იმიტომ რომ მსოფლიოში ხარისხიანი ღვინის ჭარბწარმოებაა და ყოველწლიურად სულ უფრო რთული ხდება კონკურენცია. ჩვენ 30 ქვეყანაში გავდივართ, წელს კიდევ ორ ახალ ბაზარზე განვახორციელეთ გადატვირთვა. ეს ქვეყნებია თურქეთი და ჩეხეთი. იმ ქვეყნებში, სადაც ჩვენი პროდუქციაა წარმოდგენილი, წელს დავიმატეთ 10 ახალი კონტრაქტი. ორი ახალი ქვეყანა და ათი ახალი პარტნიორი არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი“, - ამბობს ზურაბ მარგველაშვილი.

მისი თქმით, კომპანიამ წელს პირველი მოსავალი მიიღო 2000 წელს ენისელში გაშენებული ვენახიდან, ასევე გრძელდება ახალი ვენახების გაშენების და ძველი ქართული ჯიშების განვითარების პროცესი.

2023 წლის განხორციელებულ პროექტებს შორსაა ახალი, მაღალტექნოლოგიური და მაღალი წარმადობის ჩამომსხმელი ხაზის ამოქმედება და ახალი პროდუქტის - ბრენდის წარდგენა.

„საკმაოდ იმედიანად ვართ ამ რთული პერიოდის გადალახვის პროცესში. ჩვენი გეგმები 2024 იქნება ქართული ხარისხიანი ღვინის რეალიზაციის გაზრდა და ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდა. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება დანახარჯების ოპტიმიზაცია. რთული პერიოდია, ბევრი რამის ფასი იცვლება და როგორც წესი, კორექტირდება გაზრდის კუთხით. ამიტომ, ფინანსური სიჯანსაღისა და კონკურენტუნარიანობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა კომპანიამ და ზოგადად დარგმა მოვახდინოთ დანახარჯების ოპტიმიზაცია, ისე რომ წარმოებული პროდუქციის ხარისხი კი არ შემცირდეს, არამედ გაიზარდოს“- ამბობს ზურაბ მარგველაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები