ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე აცხადებს, რომ მსოფლიოში არსებული გამოწვევების მიუხედავად, ინდუსტრიაში ზრდის დინამიკა ნარჩუნდება და ტურისტული ვიზიტების რაოდენობა წლიურად გაიზარდა კიდეც.
„ტურიზმის ინდუსტრიაში, მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების მიუხედავად პირველი კვარტალის მონაცემები მაინც საკმაოდ პოზიტიურია. აღსანიშნავია, შარშანდელთან შედარებით საერთაშორისო ტურისტულ ვიზიტებში 4-%-იანი ზრდა გვაქვს. ასევე ზრდა გვაქვს ძირითადად ჩვენი სტრატეგიული ბაზრებიდან, როგორიცაა გერმანია, პოლონეთი, დიდი ბრიტანეთი, ჩინეთი, ამერიკის შეერთებული შტატები. ვფიქრობთ, რომ მეორე კვარტალი, მუშაობის შედეგად საკმაოდ პოზიტიური იქნება“,-განაცხადა ომიაძემ.
მისივე თქმით, გამოწვევების შესამსუბუქებლად ადმინისტრაცია ტურიზმის სექტორთან მჭიდროდ თანამშრომლობს.
„იცით რომ შეხვედრა გვქონდა ბიზნეს სექტორთან და ძალიან აქტიურად ვცდილობთ გარკვეული აქტივობების ჩატარებას, რომ საერთაშორისო მიმდინარე მოვლენების გავლენა შედარებით შევამსუბუქოთ, შესაბამისად დაგეგმილი აქტივობების საფუძველზე, მეორე კვარტალიც პოზიტიური იქნება“,- აცხადებს ომიაძე.
2026 წლის I კვარტალში საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების მიერ ჯამში 1 170 362 ვიზიტი განხორციელდა, ეს გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.2%-ით შემცირებული მაჩვენებელია. აქედან 997 529 ტურისტული ტიპის ვიზიტი იყო (წლიური ზრდა 4%), აღსანიშნავია, რომ ერთდღიანი ვიზიტები წლიურად თითქმის 41%-ით 172 833-მდეა შემცირებული.
მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ყველაზე მეტი ვიზიტი თურქეთიდან იყო, წინა წლებისგან განსხვავებით, როცა ვიზიტებში რუსეთი ლიდერობდა.
ვრცლად ამ თემაზე: Top 15 ქვეყანა, საიდანაც I კვარტალში საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტორი შემოვიდა




























