აშშ-სა და ირანს შორის სამშვიდობო შეთანხმებაზე განცხადებების ფონზე მსოფლიო ბაზარზე ნავთობი იაფდება.
Brent-ის ტიპის საწვავზე ფასი გარკვეული პერიოდი 80 დოლარსაც ჩამოსცდა, ასევე გაიაფებულია ამერიკული WTI, ხოლო რუსულ Urals-ზე კლება თვიურ ჭრილში 30%-ს აჭარბებს. საერთო ჯამში, მაისში დაფიქსირებულ პიკურ მაჩვენებელთან შედარებით, ნავთობი საშუალოდ დაახლოებით 40%-ით არის გაიაფებული.
კლების მიზეზი ბაზრის მოლოდინია, რომ ჰორმუზის სრუტე, რომლის გავლითაც მსოფლიოს ნავთობის მეხუთედი მიეწოდება, სრულად ამუშავდება. შესაბამისად, მიწოდებაში ის პრობლემები აღარ იქნება, რაც 28 თებერვლის შემდეგ გაჩნდა, როცა აშშ-მა და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია დაიწყეს.
საქართველოში, რომელიც სრულად იმპორტირებულ საწვავს მოიხმარს, ფასს პლაცი განსაზღვრავს. ამიტომ ქვეყანაში საწვავის გაძვირება მყისიერად მარტიდანვე მოხდა. ბენზინზე ფასი საშუალოდ 60 თეთრით, ხოლო დიზელზე უფრო მეტად დაახლოებით 1.2 ლარით მოხდა.
პლაცზე ფასის კლების ფონზე BMG-მ იმპორტიორებს ჰკითხა როდიდან გაიაფდება ქვეყანაში საწვავი. ნავთობიმპორტიორები ამბობენ, რომ ფასის კლებას მომხმარებელი უახლოეს პერიოდში უნდა ელოდოს.
ვისოლის დირექტორი ამბობს, რომ დიზელის ტიპის საწვავზე უფრო დიდი კლებაა მოსალოდნელი, ვიდრე ბენზინზე, რადგან დიზელი უფრო მეტად არის გაძვირებული.
"მარტის თვიდან დაფიქსირდა საკმაოდ მაღალი ნიშნული ნავთობპროდუქტებზე. ჩვენ დინამიკაში ვახდენდით ეტაპობრივად ფასების ცვლილებას ზრდის თვალსაზრისით. თუმცა საბედნიეროდ დაფიქსირდა უკვე ცვლილება კლებისკენ. პროდუქტის იმპორტი ეტაპობრივად ხორციელდება და იმედი გვაქვს, რომ უახლოეს დღეებში განსაკუთრებით ეს შეეხება დიზელს, იმიტომ რომ ბენზინზე ფასი ისე არ გაიზარდა, როგორც დიზელზე. შესაბამისად, ცვლილების ყველაზე დიდი წილი ამ შემთხვევაში კლების კუთხით იქნება დიზელზე. ეტაპობრივად უახლოეს დღეებში ჯერ დიზელზე დავიწყებთ ფასების ცვლილებას", - ამბობს ვასილ ხორავა.
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმში კი აცხადებენ, რომ საწვავი შესაძლოა, ივლისის პირველი ნახევარშივე გაიაფდეს.
"ივნისის პირველი რიცხვიდან საკმაოდ პოზიტიური ცვლილებები განხორციელდა ფასის ნაწილში. საერთაშორისო პლაცზე შეინიშნება ფასის შემცირება, რაც ძალიან გვიხარია. შემიძლია მოგახსენოთ, რომ ამ ბოლო ორი კვირის განმავლობაში დაახლოებით 10%-ით არის შემცირებული თვითღირებულება საერთაშორისო პლაცზე. შესაბამისად, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მოსალოდნელია ფასების შემცირება ივლისის პირველ ნახევარში", - ამბობს სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის დირექტორი ნოდარ ყანჩაველი.
მისივე თქმით, კლება დაახლოებით 10-15%-ის ფარგლებში იქნება.
"დღეის მდგომარეობით ჩვენ მაისის მარაგებით ვმუშაობთ. შესაბამისად, მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ივნისის თვე როგორ დასრულდება. თუ ტენდენცია გაგრძელდა და დაახლოებით 10-15%-იანი კლება დაფიქსირდა თვის ჭრილში, ივლისის პირველ ნახევარში, სავარაუდოდ, ფასები დაახლოებით ამდენივე პროპორციით დაიკლებს. ანუ, დაახლოებით 10-15%-იან ფასის კლებას უნდა ველოდოთ ივლისის პირველ ნახევარში", - ამბობს ის.
ნავთობკომპანია Connect-ის დირექტორი კი გვეუბნება, რომ საერთაშორისო ბაზარზე ფასის კლება ადგილობივ ბაზარზე დაახლოებით 3 კვირაში უნდა აისახოს.
"ჩვენ შესყიდვებს ვახორციელებთ პლაცის საერთაშორისო ინდექსის მიხედვით. ამ ეტაპზე კომპანიის გუნდი აქტიურად მუშაობს მომწოდებლებთან, რათა მოვახდინოთ უკვე გაიაფებული ნავთობპროდუქტების შესყიდვა და შემდეგ იმპორტი საქართველოს ბაზარზე. უახლოეს პერიოდში მოხდება ახალი კონტრაქტების გაფორმება და შემოტანა ქართულ ბაზარზე. ალბათ 3-4 კვირის მანძილზე ეტაპობრივად აისახება ეს სამომხმარებლო ფასებზეც", - ამბობს Connect-ის ხელმძღვანელი ჯემალ ონიანი.
მსოფლიოში მცირდება საავიაციო საწვავის ფასიც, რომელიც ირან-აშშ-ის სამხედრო დაპირისპირების გამო ასევე გაძვირდა. შედეგად ავიაციის და შესაბამისად ტურიზმის სექტორი ყველაზე აქტიურ, ზაფხულის სეზონზე კრიზისის წინაშე აღმოჩნდა. საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) ინფორმაციით, წინა კვირასთან შედარებით საწვავის ღირებულება ბარელზე 5%-ით 139 დოლარამდეა შემცირებული.
საავიაციო საწვავის იმპორტიორი კომპანიის დირექტორი გვეუბნება, რომ მსოფლიო ბაზარზე ფასის კლება საქართველოზე უკვე აისახა და მოლოდინი აქვს, რომ ივლისიდან ფასი კიდევ უფრო შემცირდება.
"შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ პირველი ივნისიდან ფასი კიდევ უფრო დაიკლებს. ეს კი ალბათ, უკვე ის ნიშნულია, რომელსაც ისედაც ვგეგმავდით. ზაფხულში ყოველთვის იგეგმება ხოლმე ფასების ზრდა, რადგან ისტორიულად ასეა. შესაბამისად, ჩვენ ვვარაუდობდით, რომ ფასები გაიზრდებოდა და ვთქვათ, 750 დოლარიდან (1 ტონაზე) ზაფხულისთვის მაინც ავიდოდა 900 დოლარამდე. დღეს კი გვაქვს ის მდგომარეობა, რომ ვუბრუნდებით იმ ნიშნულს, რაც ირანის ომამდე იყო. თუმცა სრულად ჯერ არ დაბრუნებულა ძველი ფასები, გაძვირება კვლავ რჩება", - ამბობს „ჯორჯიან პეტროლიუმის“ კომერციული დირექტორი გიორგი ანდღულაძე.
წელს საქართველომ 635 533 მლნ დოლარის ნავთობპროდუქტები იყიდა. ქვეყნისთვის საწვავის ძირითადი მომწოდებელი რუსეთია, საიდანაც წელს 220 მლნ დოლარის ღირებულების პროდუქტი ვიყიდეთ. შემდეგ მოდიან თურქეთი და რუმინეთი.




























