მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მსოფლიოში პირველები ვართ, ვინც LEGO-ს მაღაზია დამოუკიდებლად გახსნა - XS Toys

ბიბლუსი

XS Toys-ისა და LEGO-ს კოლაბორაციით, საქართველოში პირველი LEGO SHOP-ი - დამოუკიდებელი ფილიალი გაიხსნა, სადაც სათამაშო კონსტრუქციების მწარმოებელი მსოფლიოს უმსხვილესი ბრენდის პროდუქციას შეხვდებით. როგორც XS Toys-ის მმართველი კომპანია “ბიბლუს ჯგუფის” გენერალური დირექტორი BM.GE-სთან აღნიშნავს, “სითი მოლში” გახსნილი სივრცე სატესტო რეჟიმში ოპერირებს და პირველი შემთხვევაა, როცა თავად LEGO ამ პროცესს არ კურირებს.

“ზოგადად, LEGO-სთან დიდი ხანია ვთანამშრომლობთ, თუმცა ისინი თავიანთი მაღაზიების გახსნისა და ოპერირების საშუალებას არავის აძლევენ და უშუალოდ თვითონ კურირებენ ამ პროცესს. ჩვენ ვართ პირველი შემთხვევა არა მხოლოდ საქართველოში ან რეგიონში, არამედ მსოფლიოში, რომლებმაც დამოუკიდებლად მოვიპოვეთ LEGO SHOP-ის ოპერირების უფლება - შედარებით მცირე მასშტაბებით.

LEGO-მ ეს გადაწყვეტილება ჩვენი ურთიერთთანამშრომლობის დადებითი მხარეებიდან გამომდინარე მიიღო და თვითონაც იმედს ამყარებენ, რომ სატესტო რეჟიმი გაამართლებს. ჩვენ საკმაოდ დეტალურ ანალიტიკას ვაწვდით მათ გაყიდვების მიმართულებით, ჩანს, რომ დინამიკურად ვიზრდებით და მოვიპოვეთ უფლება, რომ არა მხოლოდ საქართველოს მასშტაბით, არამედ საერთაშორისოდ გავხსნათ LEGO SHOP-ები”, - ამბობს ირაკლი გაგნიძე.

კომპანიის გენერალური დირექტორის განმარტებით, “ბიბლუს ჯგუფი” LEGO-ს ახალ ფილიალებს ჯერ “გრანდ ბათუმი მოლში”, შემდეგ კი საქართველოს მასშტაბით გახსნის და ბოლოს სლოვენიისა და ხორვატიის ბაზარსაც აითვისებს.

ცნობისთვის, მომავალ წელს XS Toys-ის ხორვატიაში პირველ, სლოვენიაში კი რიგით მესამე ფილიალს გახსნის.

ირაკლი გაგნიძის თქმით, LEGO აქტიურ მონიტორინგს უწევს ქართულ ბაზარს და ცდილობს, კონკურენტუნარიანი ფასები შეინარჩუნოს.

“LEGO-სთან თანამშრომლობის იმ ეტაპზე ვართ, როცა არა მხოლოდ თვითღირებულებით ვაჭრობაზე მიდის საუბარი, არამედ საბოლოო ჯამში, ერთობლივად ვწყვეტთ, რა იქნება საბოლოო გასაყიდი ფასი. LEGO აკონტროლებს, რომ კონკურენტუნარიანი ფასებით იყოს წარმოდგენილი. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ რაც უფრო განვავითარებთ მაღაზიათა ქსელს, უფრო და უფრო ხელმისაწვდომი გახდება ფასებიც და წესით, ეს პროცესი გაგრძელდება თუ ყველაფერი კარგად განვითარდა ჩვენს თანამშრომლობაში”, - ამბობს “ბიბლუს ჯგუფის” გენერალური დირექტორი.

“ბიბლუსი ჯგუფი” საქართველოში ისეთ ქსელებს აერთიანებს, როგორიცაა: წიგნების მაღაზია „ბიბლუსი“, სათამაშოების მაღაზია „პეპელა“ და “XS Toys”, მულტიფუნქციური სავაჭრო სივრცეების ქსელი „მულტი“ და კაფეების ქსელი „პიატო“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები