დღეს, 18 ნოემბერს, თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი ბაჩიაშვილის სისხლის სამართლის ერთ-ერთ საქმეზე, რომელიც "მტკვარი ჰესს" ეხება, პროცესი გაიმართა.
ბაჩიაშვილი სხვა ბრალდებების მსგავსად აქაც უარყოფს დანაშაულს და აცხადებს, რომ პირველი იქნება, რომელიც გვირაბში მანქანის გაჭედვის გამო პასუხისგებაში მიეცა.
"ვერ ნახავთ ფონდს, რომელსაც აქვს ტექნიკური შესაძლებლობა, რომ მოხდეს მსგავსი პროექტების ზედამხედველობა. თანაინვესტირების ფონდს მსგავსი 10-მდე პროექტი ჰქონდა, დიდი ბიუჯეტით. ყველა ამ პროექტში საინჟინრო ზედამხედველობას ახორციელებდნენ გარე კომპანიები. მტკვარი ჰესს ზედამხედველობას უწევდა სპეციალიზებული კომპანიები.
ყველა მოქმედება, ნახაზი და დასკვნა იყო ამ კომპანიებთან შეთანხმებული, შესაბამისად, ფონდის ვერცერთი თანამშრომელი ვერ იქნება პასუხისმგებელი იმ პრობლემებზე, რამაც პროექტის დასრულება შეაფერხა. ყველა დასკვნაში ეწერა, რომ შესაძლოა პროექტი დასრულდეს ამ ვადაში და ამ ბიუჯეტში. გეოლოგიური რისკების გათვლა წინასწარ შეუძლებელია. მსოფლიოში პირველი ფონდის დირექტორი ვიქნები, ვინც გვირაბში მანქანის გაჭედვის გამო მისცა პასუხისგებაში", - განაცხადა ბაჩიაშვილმა სასამართლო პროცესზე. მის სიტყვას სასამართლოდან "ტვ პირველი" ავრცელებს.
ბაჩიაშვილის ადვოკატი ლევან მახაშვილი ამბობს, რომ ჰესთან დაკავშირებით იყო ობიექტური გარემოებები მათ შორის, გვირაბში მანქანის გაჭედვა, რაც დადასტურებულია. მისივე თქმით, ბაჩიაშვილს ფონში მუშაობისას არანაირი გულგრილობა არ გამოუჩენია და ამას დაკითხული მოწმეებიც ადასტურებენ.
"რაც შეეხება მოწმეთა ჩვენებებს, ძირითადად ეს მოწმეები არიან ამ ფონდის თანამშრომლები, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა ადასტურებს, რომ არანაირი გულგრილობა არათუ გიორგის მხრიდან, არცერთი მათგანის მხრიდან არ ყოფილა.
დირექტორი არ გახლდათ მნიშვნელოვან საკითხებზე გადაწყვეტილების ერთპიროვნულად მიმღები პირი, არამედ არსებობდა აღმასრულებელი საბჭო. ამ საბჭოს შემადგენლობაში შედიოდნენ თითოეული მიმართულების ხელმძღვანელები, იგივე სამშენებლო კუთხით, საინჟინრო კუთხით, ფინანსური კუთხით, იურიდიული კუთხით, რომლებიც თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში დებდნენ სათანადო დასკვნას და მხოლოდ ამის შემდეგ ერთობლივად ხდებოდა საბოლოო გადაწყვეტილების მიღება", - განაცხადა მახაშვილმა.
საქმის პროკურორმა მიხეილ სადრაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ბაჩიაშვილს სამსახურებრივ გულგრილობას ედავებიან, რადგან არაჯეროვნად ასრულებდა საქმეს.
"აბსოლუტურად ყველა მმართველობითი რგოლის წარმომადგენელმა, ვინც გამოძიების ეტაპზე გამოიკითხა, გარკვეული ინფორმაცია მისცა გამოძიებას, მათ შორის იმ ნაწილშიც, რომ ასეთი მმართველობითი ორგანოები ხშირ შემთხვევაში ფიქტიური ხასიათის იყო და სინამდვილეში არამხოლოდ ფაქტობრივ დონეზე, არამედ სამართლებრივადაც უკავშირდებოდა გიორგი ბაჩიაშვილს. რადგან ის იყო გენერალური დირექტორი, ასევე ის იყო პასუხისმგებელი ინვესტიციებისა და პროექტების სწორ მართვაზე. დანაშაულიც სწორედ ამაში მდგომარეობს, რომ მას ეს უფლებამოსილებები ჰქონდა. მან მოიწვია კონკრეტული კომპანია, რომელმაც შეადგინა რეპორტი, სადაც იყო რისკები და საფრთხეები იდენტიფიცირებული და ყველა ეს რისკი და საფრთხე არ იქნა გათვალისწინებული", - განაცხადა პროკურორმა.
გიორგი ბაჩიაშვილს „მტკვარი ჰესის“ საქმეზე ბრალდება სსკ-ის 2201-ე მუხლის მე-2 ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად შესრულებას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 2-დან 5- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ამას გარდა, ბაჩიაშვილი მსჯავრდებულია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისებაშია. მას ამ საქმეზე 11 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.
თანაინვესტირების ყოფილი ხელმზღვანელი ასევე მსჯავრდებულია კიდევ ერთ საქმეზე, რომელიც სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას გულისხმობს. მას სასჯელის სახით 4 წლითა და 6 თვის ვადით აქვს თავისუფლების აღკვეთა მისჯილი.




























