რუსეთის წინააღმდეგ გამოცხადებულ საერთაშორისო ბოიკოტს უმსხვილესი ინდური კომპანიები Tata Steel და Infosys უერთდებიან.
აღსანიშნავია, რომ ინდოეთის მთავრობას რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ მკაცრი პოზიცია ჯერაც არ დაუფიქსირებია და არც მკაცრი სანქციები დაუწესებია, თუმცა კერძო სექტორმა საკუთარი ინიციატივით, დამოუკიდებლად მიიღო რუსეთის ბაზრის დატოვების გადაწყვეტილება.
Tata Steel რეგიონის ერთ-ერთი უმსხვილესი მეტალურგიული კომპანიაა, რომელიც დაახლოებით, 32 მილიარდი დოლარის აქტივებს ფლობს და მსოფლიოს მასშტაბით 30,000-ზე მეტ თანამშრომელს ასაქმებს. აღნიშნული კომპანია Tata Group-ის მფლობელობაშია, რომელიც მსხვილი საერთაშორისო კონგლომერატია.
"კომპანიამ გააზრებულად მიიღო გადაწყვეტილება რუსეთის ფედერაციაში ბიზნესსაქმიანობის შეწყვეტის შესახებ“, - წერია Tata Steel-ის ოფიციალურ განცხადებაში.
კომპანიის განმარტებით, რუსეთზე დამოკიდებულების შესამცირებლად ნაბიჯები გადადგმულია, მიწოდების წყაროები დივერსიფიცირებულია და რუსეთიდან გასვლით ზარალის მიღების რისკები მაქსიმალურად შემცირებულია.
საერთაშორისო ბოიკოტს უერთდება Infosys-იც, რომელიც ინდოეთში დაფუძნებული გლობალური ტექნოლოგიური კომპანიაა.
ინფორმაციული ტექნოლოგიების სექტორში წარმოდგენილი კომპანია 260,000-მდე თანამშრომელს ასაქმებს და ყოველწლიურად, დაახლოებით, 13 მილიარდი დოლარის შემოსავალს იღებს.
Infosys-ის განცხადებით, კომპანია რუსეთში საოპერაციო საქმიანობას და სერვისების მიწოდებას წყვეტს.




























