მთის ტრასების სააგენტო 2026-2027 წლების ზამთრის სეზონზე აბონემენტების გაყიდვის წესს ცვლის და მათ ექსკლუზიურად მხოლოდ საკუთარი ახალი ონლაინ პლატფორმის მეშვეობით გაყიდის. ახალი ვებგვერდის ცნობადობის გაზრდისა და გაყიდვების სტიმულირების მიზნით, კომპანია 201 801 ლარის ღირებულების სარეკლამო-საიმიჯო მასალების განთავსებას შპს „ალმასგან“, გამარტივებული წესით შეისყიდის.
bm.ge MTA-ს დაუკავშირდა კითხვით, შეძლებენ თუ ვერა მომხმარებლები ბილეთის/აბონიმენტის ადგილზე შესყიდვას. მასალა პასუხის მიღების შემთხვევაში განახლდება.
უწყების განმარტებით, ახალი ონლაინ პლატფორმის ამოქმედება მიზნად ისახავს ერთ სივრცეში სრული საინფორმაციო მასალის მოგროვებასა და მომხმარებელთა გამოცდილების მნიშვნელოვან გაუმჯობესებას. ამისთვის მომზადდა 360-გრადუსიანი მარკეტინგული კამპანია, სადაც ცენტრალური ადგილი გარე განთავსებებს უკავია. სარეკლამო ვიზუალები თბილისის ხალხმრავალ ადგილებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და ციფრულ ეკრანებზე, ასევე კურორტ გუდაურში (მათ შორის, „სმარტის“ მიმდებარე ბილბორდზე) განთავსდება.
MTA-ს ინფორმაციით, გამარტივებული შესყიდვის აუცილებლობა იმან განაპირობა, რომ შერჩეულ საუკეთესო ლოკაციებზე, მათ შორის თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მოსაცდელებზე, ცენტრალური ქუჩებისა და ხიდების ციფრულ ბილბორდებზე რეკლამის განთავსების ექსკლუზიური უფლება შპს „ალმას“ გააჩნია. კომპანიამ სააგენტოს წარუდგინა 19 სხვადასხვა ხელშეკრულება და დოკუმენტი, რომლებიც „ალმას“ ექსკლუზიურ უფლებამოსილებას ადასტურებს.
როგორც შემსყიდველი ორგანიზაცია განმარტავს, მომსახურების დანაწევრება ან ალტერნატიული მომწოდებლის მოძიება შეუძლებელია, ვინაიდან „ალმა“ მომსახურებას ცალკეულ კომპონენტებად არ ყიდის, ხოლო შესყიდვის ღირებულება მიმწოდებლის ინვოისის საფუძველზე განისაზღვრა.
სარეკლამო მომსახურების გაწევა 2026 წლის 1 ნოემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადად 2027 წლის 31 იანვარი განისაზღვრა.
























