საქართველოს ღონისძიებების ორგანიზების ბაზარზე ერთ-ერთ მთავარ პრობლემად ლოკაციების ხარისხი და სერვისი რჩება - ამის შესახებ BM.GE-სთან კომპანია Laka Wedding-ის დამფუძნებელმა ლაკა წერეთელმა ისაუბრა.
მისი თქმით, ხშირია შემთხვევა, როდესაც ერთ ლოკაციაზე ერთდროულად რამდენიმე ღონისძიება ტარდება, რაც მომსახურების ხარისხს მნიშვნელოვნად ამცირებს.
"ძალიან დიდი ხარვეზია ლოკაციების მიმართულებით. შეიძლება ერთ სივრცეში ერთდროულად შვიდი ან რვა ღონისძიება ტარდებოდეს და ამ დროს, ხარისხი იკარგება და სერვისი არასათანადო ხდება", - აცხადებს წერეთელი.
კომპანიის დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ მსგავსი პრაქტიკა ღონისძიების ორგანიზების პროცესს აფერხებს და მომხმარებლის გამოცდილებაზე უარყოფითად აისახება.
მისივე თქმით, მომავალში ბაზარი ნაწილობრივ „გაიცხრილება“ და დარჩება მხოლოდ ის ლოკაციები, რომლებიც ხარისხის სტანდარტებს დააკმაყოფილებენ:„მე პირადად, ასეთ ლოკაციებთან არ ვთანამშრომლობ და არც ვთავაზობ მომხმარებლებს, თუმცა ეს მაინც საკმაოდ შემაფერხებელი ფაქტორია ბაზრისთვის“, - ამბობს ის.
ლაკა წერეთლის თქმით, პრობლემას ისიც ამძაფრებს, რომ ხშირ შემთხვევაში დაბალი სერვისის მქონე ლოკაციებს მაღალი ფასები აქვთ, მაშინ როდესაც ხარისხიანი მომსახურების შეთავაზება უფრო მისაღებ ფასშიც შესაძლებელია.
„სადაც ძალიან კარგი სერვისია, ხშირად ისეთი ფასი აქვს, რომ რეკომენდაციას ყოველთვის ვუწევ. სამწუხაროდ, სერვისსა და ფასს შორის ბალანსი ყველა ლოკაციაში დაცული არ არის“, - აცხადებს Laka Wedding-ის დამფუძნებელი.




























