მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავარი აგენტები ჯანდაცვის სამინისტრო და NCDC არიან, C ჰეპატიტისგან განკურნების პროცესში უცხო ქვეყნის გავლენის გატარებისთვის - ინფექციონისტი

მაია ბუწაშვილი

მთავარი აგენტები ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ცენტრი არიან, რომლებმაც უცხო ქვეყნის (აშშ) გავლენა გაატარეს 80 ათასზე მეტი ადამიანის C ჰეპატიტისგან განკურნების პროცესში, - ამის შესახებ ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში თავის გვერდზე წერს.

„დღევანდელი სიტუაცია ახალ კანონთან დაკავშირებით სრულიად მკაფიოა. შარშან არგუმენტებით ვცდილობდი დასაბუთებას, რატომ არის ეს კანონი ქვეყნის განვითარების და ევროინტეგრაციისთვის ხელის შემშლელი.

ახლა ერთადერთი კითხვა მიბურღავს ტვინს - ვინც წერს, რომ უბრალოდ დეკლარაციის შევსებაზეა ლაპარაკი და რა პრობლემაა, მართლა ასეთი გულუბრყვილოა და სჯერა, რომ ყველაფერი მხოლოდ დეკლარაციის შევსებამდე დადის, თუ დემაგოგები არიან? რა ვიცი, კიდევ ერთხელ გავიმეორებ მაინც - მარტო დაფინანსების წყაროების ჩამოთვლას რაში სჭირდება უცხო ქვეყნის აგენტის სტატუსი? შეიხედეთ არასამთავრობოების საიტებზე და დეტალურად არის ჩამოთვლილი დაფინანსების წყაროები.

სხვა მაგალითებს არ მოვიყვან, ეს ერთიც საკმარისია - მთავარი აგენტები ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ცენტრია, რომლებმაც უცხო ქვეყნის (აშშ) გავლენა გაატარეს 80 ათასზე მეტი ადამიანის C ჰეპატიტისგან განკურნების პროცესში და დღემდე აგრძელებენ ამ აგენტურულ საქმიანობას!“, - აცხადებს მაია ბუწაშვილი.

საქართველოს პარლამენტმა ე.წ. რუსული კანონის განხილვა დაიწყო. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. კანონპროექტის განხილვა თითქმის 11 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, ხმაურის ფონზე ჩატარდა.

კანონპროექტი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის სტატუსს მიანიჭებს ნებისმიერ საზოგადოებრივ ორგანიზაციას თუ მედიას, რომელიც დაფინანსების 20%-ზე მეტს იღებს დონორული ორგანიზაციებისგან, საერთაშორისო ფონდებისგან თუ უცხოური ასოციაციებისგან. ამ ორგანიზაციებს უცხოური ინტერესების გამტარებელთა რეესტრში რეგისტრაცია და ფინანსური დოკუმენტაციების ამ რეესტრში ატვირთვა მოუწევთ. თუმცა, მნიშვნელოვანია გარემოება, რომ საგადასახადო მიზნებისთვის სახელმწიფო ნებისმიერი კომპანიის თუ არასამთავრობო ორგანიზაციის შემოსავლების და ხარჯების შესახებ ინფორმაციას ისედაც ხედავს, ხოლო ახალი რეესტრის შექმნა და ამ რეესტრისთვის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად რეგისტრაცია ორგანიზაციებისა და მედიის სტიგმატიზებას ისახავს მიზნად.

facebook-სტატუსი 6 დღის წინ არის გამოქვეყნებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები