"მთავარი ამბავი ალბათ ლევან დავითაშვილის [ეკონომიკის მინისტრობიდან] გაშვებაა, ვიდრე მარიამ ქვრივიშვილის მინისტრად დანიშვნა“ - ასე გამოეხმაურა ეკონომისტი სოსო ბერიკაშვილი BMGTV-ს გადაცემა „წერტილში“ „ქართული ოცნების“ მინისტრთა კაბინეტში განხორციელებულ საკადრო ცვლილებას.
„მარტივი არაა გაიგო, რატომ დაინიშნა მარიამ ქვრივიშვილი მინისტრად, რადგან ჩვენ არ ვცხოვრობთ დემოკრატიულ ქვეყანაში და აქ მინისტრებად არ ინიშნებიან მერიტოკრატიის გამო ან იმის გამო, რომ ვიღაცას წინამორმებდზე უკეთესად შეუძლიათ მართვა. აქ თანამდებობებზე ინიშნებიან იმიტომ რომ ვიღაცამ ასე გადაწყვიტა - ეს არის ჩვეულებრივი ავტოკრატია“, - თქვა სოსო ბერიკაშვილმა.
ეკონომისტის შეფასებით, „ოცნების“ მთავრობის მინისტრთა კაბინეტში ლევან დავითაშვილი მნიშვნელოვანი ფიგურა იყო, ამიტომ რთულია დაასკვნა, თანამდებობა თავისი ნებით დატოვა თუ გაუშვეს.
- ყოველთვის, ყველა წრეში ლევან დავითაშვილზე პოზიტიური დამოკიდებულება იყო. მეც პირადად, რა შეხვედრებიც მქონია მასთან, ის არ იყო ანგაჟირებული; უფრო ტექნოკრატი იყო - საქმეს აკეთებდა და სხვებთან შედარებით გაცილებით ადეკვატური იყო... თითქოს ლევან დავითაშვილი „ოცნებისთვის“ ბოლო იმედიც იყო აშშ-თან ურთიერთობების დალაგებისთვის, მაგრამ ვნახეთ, რომ მისი ვიზიტი არაფრით არ იყო წარმატებული - შედეგებიდან არაფერი ჩანდა. შეიძლება, ამიტომ გაუშვეს...
- გაუშვეს თუ წავიდა? თან სხვა მინისტრებისგან განსხვავებით, ის არ დაუსანქცირებია დასავლეთს....
- შეიძლება, ასე კარგადაც არ არის ყოფილი მინისტრის საქმე... მინისტრის მოადგილის დაჭერა [რომეო მიქაუტაძე] ცოტა უცნაური ამბავია...
„წერტილთან“ ინტერვიუში სოსო ბერიკაშვილს წამყვანმა ჰკითხა - რატომ შეირჩა „ქართული ოცნების“ ეკონომიკის მინისტრის პოსტზე მარიამ ქვრივიშვილი და არა - სხვა, რაზედაც ეკონომისტმა რიტორიკული კითხვით უპასუხა:
„ვის უნდა უნდოდეს ახლა „ქართული ოცნების“ ეკონომიკის მინისტრობა?! არ მგონია, ბევრს უნდოდეს. მეორე მხრივ, ამ სიტუაციაში ამ ადამიანებს არაფერს ეკითხებიან, მაგრამ მაინც - ვის ენდომება დღეს მინისტრობა?! გადავხედოთ მარიამ ქვრივიშვილის ბიოგრაფიას და მის ქონებას, რომელიც გააჩნია... ჩვენ თითქოს მივეჩვიეთ, რომ პარლამენტარები და მინისტრები მილიონერები არიან, აქვთ ბევრი ბინა და ა.შ. სინამდვილეში ესაა კრიმინალური სინდიკატი - ადამიანებს ნაშოვნი აქვთ დიდი რაოდენობით ფული ან მთავრობასთან ურთიერთობების დალაგებით ან პირდაპირ კორუფციული გზით და შესაბამისად ამ მთავრობას სჭირდება ისეთი ხალხი, ვინც მასზეა დამოკიდებული. ვერსად წავა და ხმამაღლა ვერაფერს იტყვის“, - განაცხადა სოსო ბერიკაშვილმა და იქვე დასძინა, რომ ეეჭვება, მარიამ ქვრივიშვილი გადაწყვეტილების მიმღები მინისტრი იყოს.
„მარიამ ქვრივიშვილი, შეიძლება, მაქსიმუმ შუამავალი იყო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისას; შეიძლება 1-2 მოადგილე ან დეპარტამენტის ხელმძღვანელი შეცვალოს, ექნება კაბინეტი და ექნება მანქანა“, - აღნიშნა სოსო ბერიკაშვილმა.




























