მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავარი აქცენტი ჰიდროსადგურებზე გაკეთდება - ღარიბაშვილი

6397030d58448
მარიამ ვარადაშვილი
12.12.22 14:37
573
პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობა წლის ბოლოსთვის ჯამში 1500 მეგავატის პროექტებზე გეგმავს აუქციონის გამოცხადებას.

როგორც მან დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე თქვა, დამატებით სიმძლავრეებზე აუქციონების გამოცხადება 2023 წელსაც იგეგმება.

“ბოლო პერიოდში ჰესებთან დაკავშირებით ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მივიღეთ. ჰესების მშენებლობა ბოლო ხუთი წელია გაჩერებული იყო. ამ საკითხზე საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მოლაპარაკებები გვქონდა და მნიშვნელოვან შედეგს მივაღწიეთ. ახლა 800 მეგავატამდე პროექტებია დაგროვებული, რომლებიც გაეშვება [აუქციონის ფორმით]. მათზე გაფორმებული იყო PPA შეთანხმება, თუმცა მთავრობის მხრიდან შეჩერებული იყო. ეს პროექტები გაეშვება, 800 მეგავატამდე ჰესის აშენებაზე, სავარაუდოდ, მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება. ამას გარდა, წლის ბოლოს 1500 მეგავატზე გამოვაცხადებთ ტენდერს. 2023 წელს კიდევ გამოვიტანთ დამატებით მეგავატებს. მთავარი აქცენტი გაკეთდება ჰიდროსადგურებზე, ასევე ქარისა და მზის სადგურებზე”, - განაცხადა პრემიერმა.

რამდენიმე კვირის წინ მთავრობამ წარადგინა განახლებადი ენერგიის პროექტების მხარდაჭერის ახალი სქემა - სიმძლავრის აუქციონის საფუძველზე გაცემული ფასთა შორის სხვაობის კონტრაქტი (CFD). პირველი აუქციონის ჩატარება წლის ბოლოსთვისაა დაგეგმილი.

ახალი სქემით მთავრობა პერიოდულად გამოაცხადებს აუქციონს გარკვეულ სიმძლავრეზე, სადაც მონაწილეობას მიიღებენ დაინტერესებული ინვესტორები. მონაწილეობის წინაპირობა იქნება წინასწარ ჩატარებული ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევა, აუქციონში მონაწილეობის მიღების საფასური და საბანკო გარანტია.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები