გიმნაზია "შავნაბადას" დამფუძნებელი, ავთანდილ აბდუშელიშვილი მიიჩნევს, რომ საჯარო სკოლების მასწავლებლების ანაზღაურების წესის ცვლილება უარყოფითად აისახა კერძო სკოლების სექტორზე - ამის შესახებ აბდუშელიშვილმა "საქმიანი დილას" ეთერში, კერძო სკოლების გამოწვევების შეფასებისას ისაუბრა.
"მთავარი გამოწვევა, რაც კერძო სკოლებს გვიდგას, ეს არის [კადრების დეფიციტი] და, ამავდროულად, შემიძლია თამამად ვთქვა, საჯარო სკოლაში გამეფებული უსაქმურობა. რატომ ვამბობ ამას? მაგალითად, სტატისტიკა (რომელიც კვლევით დადასტურებული არ არის, თუმცა ჩვენ კერძო სკოლის ხელმძღვანელებს ერთმანეთთან მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს) გვეუბნება, რომ საჯარო სკოლიდან წარმატებული მასწავლებლების კერძო სკოლაში გადმოყვანა ერთ-ერთი გამოწვევაა. ფაქტობრივად, ვერ ხდება.
მიზეზი ისაა, რომ, თუ ვარ საჯარო სკოლის მასწავლებელი, ფაქტობრივად, პენსიაში ვარ. განსაკუთრებული, ან საერთოდ, დატვირთვის გარეშე ვიღებ ანაზღაურებას, რომელიც საკმაოდ გაიზარდა", - ამბობს "შავნაბადას" დამფუძნებელი.
კერძო სკოლის დამფუძნებელი განმარტავს, რომ პრობლემა არა ხელფასის ზრდა, არამედ ხარისხის მაჩვენებელია, რომელიც სახელფასო პოლიტიკის შეცვლის შემდეგ არ გაუმჯობესებულა.
"გასულ სასწავლო წელს საკმაოდ გაიზარდა ანაზღაურება, მოგეხსენებათ, ამაზე ჩვენც გვქონდა საუბარი და მაშინაც ვაყენებდით ამ საკითხს, რომ, რა თქმა უნდა, საჯარო სკოლაში პედაგოგს უნდა გაეზარდოს ხელფასი, მაგრამ ამ ხელფასს უნდა მოჰყოლოდა შესაბამისი მოთხოვნა ხარისხზე და პასუხისმგებლობაზე. გავიდა ერთი წელიწადი და ახლა კვლევები არ ადასტურებს, რომ რაიმე შეიცვალა ამ თვალსაზრისით.
საჯარო სკოლებში, როდესაც მასწავლებლებს აქვთ საკმაოდ მცირე დრო სამუშაოდ და საკმაოდ კარგი ანაზღაურება, ამას უყურებს კერძო სექტორში დასაქმებული ადამიანიც და, როდესაც გამოაცხადეს საჯარო სკოლებმა მიღება, შიდა ინფორმაცია მაქვს, რომ ძალიან ბევრმა კერძო სკოლის მასწავლებელმა გააკეთა განაცხადი. მასწავლებლები ამბობენ, რატომ ვიმუშაო კერძო სკოლაში, სადაც, ვთქვათ, ადმინისტრაციისგან საკმაოდ დიდი დაკვირვება მოდის, მშობლისგან საკმაოდ დიდი დაკვირვება მოდის, სასწავლო პროცესში მუდმივად ჩართულები არიან, მუდმივად კონტროლდება ხარისხი... სტრესულია კერძო სკოლაში მუშაობა და ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, [ურჩევნიათ საჯარო სკოლაში მუშაობა]", - განაცხადა ავთანდილ აბდუშელიშვილმა.
"შავნაბადას" დამფუძნებელი მიიჩნევს, რომ ამ გამოწვევის გადაჭრის გზა არა კერძო ან საჯარო სკოლებამდე, არამედ ქვეყნის განათლების სისტემამდე დადის და სახელმწიფოს მხრიდან ხარისხზე მოთხოვნის გაზრდას ითვალისწინებს.




























