„ორივე მხარეს აქვს მოლოდინი, რომ არჩევნებში გაიმარჯვებს, რაც გარკვეულწილად ქმნის იმის წინაპირობებს, რომ პოსტსაარჩევნო პერიოდი არ იქნება ისეთი წყნარი, როგორიც ჩვენ შეიძლება მოგვეჩვენოს“, - ეს განცხადება პოლიტიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა კორნელი კაკაჩიამ „საქმიანი დილის“ ეთერში სტუმრობისას განაცხადა.
კაკაჩია ვარაუდობს, რომ როგორც ოპოზიციის, ისე მმართველი გუნდის გამარჯვების შემთხვევაში ქვეყანაში ვითარება ხანგრძლივ კრიზისში გადაიზრდება.
„თუ ვიმსჯელებთ იმაზე, რომ ოპოზიცია გაიმარჯვებს, რისი წინაპირობაც დიდ ქალაქებში არსებობს, („ქართულ ოცნებას“ ძალიან სუსტი მხარდაჭერა აქვს, განსხვავებით რეგიონებისა), ამ გამარჯვების შემთხვევაში რამდენიმე შეკითხვა იბადება. მთავარი კი არის, მიიღებს თუ არა მოქმედი ხელისუფლება და კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილი ამ დამარცხებას, აღიარებს თუ არა და ეს არ იქნება მარტივი.
მსგავსი ვითარება გვქონდა 2012 წელსაც, მიხეილ სააკაშვილს ჰქონდა იგივე დილემა, იყო მცდელობა რეალობის შეცვლის, თუმცა მაშინ ჩაერია საერთაშორისო თანამეგობრობა, ის უწევდა ანგარიშს მათ და ამიტომ მიიღო შედეგები. ახლანდელ ვითარებაში ჩვენ არ ვიცით ვინ შეიძლება მოახდინოს გავლენა ოლიგარქზე. ისევე როგორც არ ვიცით, რა იქნება რეალობა მეორე სცენარის დადგომის შემთხვევაში.
თუ პირობითად ვიმსჯელებთ იმაზე, რომ „ქართულმა ოცნებამ“ რაღაცნაირი მახინაციებით მოახერხა უმრავლესობის მოპოვება, მაშინ არ ვიცით როგორ იქნება მათი მომავალი, რადგან მათ უკვე აქვთ მორალური ლეგიტიმაციის პრობლემა და აქ უკვე დადგება პოლიტიკური ლეგიტიმაციის პრობლემა. მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი მათი მხარდამჭერი არ არის, ანუ ეს ნიშნავს, რომ ეს იქნება განწირული ხელისუფლება, რომელიც ვერ გააერთიანებს ერს, განსაკუთრებით იმ გეგმებით, რაც დაანონსდა, რომ ოპოზიციას გააუქმებენ, მარგინალიზაციას მოახდენენ სამოქალაქო საზოგადოების, შეცვლიან საგარეო პოლიტიკურ კურსს და ა.შ.", - განაცხადა მან.
კორნელი კაკაჩიას განცხადებით, ამას უნდა დაემატოს ის, რომ ქვეყანა უკვე შესულია შეუქცევადად საერთაშორისო იზოლაციის პროცესში, რომელსაც ექნება არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ სოციალურ-ეკონომიკური ფასიც.
"ამას ჩვენ ყველანი საშუალო ვადიან პერიოდში ვიგრძნობთ“, - განაცხადა კაკაჩიამ.