მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სანქციების მოხსნის ნაცვლად გაფართოება - როგორია ზურაბაშვილი-გალუზინის შეხვედრის შედეგები?

გიორგი ზურაბაშვილი

საქართველოს მთავრობა რუსეთთან მოლაპარაკებებით უკმაყოფილოა, რადგან მოლოდინი, რომ ღვინის 7 კომპანიაზე დაწესებული ფაქტობრივი ემბარგო მოიხსნებოდა, პირიქით უფრო გაფართოვდა.

“ქართული ოცნება”, რომელიც ხელისუფლებაში რუსული ბაზრის გახსნის დაპირებით მოვიდა და ერთ-ერთ მიღწევად ამომრჩევლის წინაშე ღვინოზე ემბარგოს მოხსნას თვლიდა, წლის ბოლოდან ახალი გამოწვევების წინაშეა. ტრადიციული უსაფუძვლო ბრალდებებით კრემლმა რამდენიმე ქართული ღვინის კომპანია “შავ სიაში” შეიყვანა. ჩამონათვალი მზარდია, რაც ჩრდილოელი მეზობლის ბაზარზე დამოიდებული ღვინის ინდუსტრიისთვის გამოწვევაა.

პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან მიხაილ გალუზინთან გამართულ შეხვედრის შედეგები "იმედთან" ინტერვიუში შეაჯამა, თქვა, რომ რუსული მხარე შეზღუდვების მოხსნაზე უარს უსაფუძვლო ბრალდებებით ამბობს.

"ჩვენთვის მთავარი და პრინციპული საკითხი იყო ქართული ღვინის რუსეთის ბაზარზე დაბრუნება. რუსეთის მიერ დასანქცირებულია შვიდი კომპანია და მე ბატონ გალუზინს დავუსვი კითხვა, თუ რას უკავშირდებოდა ის შემზღუდავი ზომები, რომლებიც მათ 9 ოქტომბერს შემოიღეს. მისგან პასუხად მივიღე სამი რამ: პირველი ეხებოდა ხარისხს, მეორე იყო ნათქვამი, რომ ეს კომპანიები თითქოსდა აფინანსებენ უკრაინის ომს ანუ ომს უკრაინელების სასარგებლოდ; მესამე კი იყო ის, რომ ისინი დაკავებულები არიან ანტირუსული ნარატივით. რაც შეეხება ხარისხს, მე, რა თქმა უნდა, ავუხსენი ბატონ გალუზინს, რომ ქართული ღვინო სარგებლობს ძალიან მაღალი რეპუტაციით, არის მაღალხარისხიანი, კომპანიებს გააჩნიათ არაერთი საერთაშორისო სერტიფიკატი და ლიცენზია და სრულიად უსაფუძვლო იყო ბრალდება, თითქოს ქართული ღვინო დაბალხარისხიანია. უკრაინის დაფინანსებასა და ანტირუსულ ნარატივს ესეც აბსოლუტურად არარელევანტურია", - განაცხადა ზურაბაშვილმა.

ამავე ინტერვიუს დროს გაირკვა, რომ ექსპორტის აკრძალვა კიდევ ორ ქართული კომპანიას შეეხება.

"ნაცვლად იმისა, რის მოლოდინიც ჩვენ და ზოგადად, მე მქონდა, რომ იქვე მოიხსნებოდა ეს სანქციები და შეზღუდვები, ბატონმა გალუზინმა მაცნობა, რომ საუბარია კიდევ ორ ქართულ ღვინის კომპანიაზე, რომელთა დასანქცირებასაც აპირებენ. რა თქმა უნდა, გაოცებული და გაოგნებული ვიყავი ამ სიახლეებით", - ამბობს პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი.

2012 წელს გაჩენილი მოლაპარაკებების სივრცე ოკუპანტი და ოკუპირებული ქვეყნების წარმომადგენლებს შორის, რომელსაც წლების განმავლობაში ზურაბ აბაშიძე და გრიგორი კარასინი წარმოადგენდნენ განახლებული შემადგენლობით პრაღიდან მინსკში გადავიდა. პირველი შეხვედრა 19 ნოემბერს ბელარუსის დედაქალაქში იყო, პრემიერი ირაკლი კობახიძე მოლაპარაკების ადგილად თბილისსა და მოსკოვსაც განიხილავს და ამაში პრობლემას ვერ ხედავს. კობახიძე დიალოგის გაგრძელების პირობებში ღვინის პრობლემის გადაჭრას ელოდება.

"ჩემი სპეცწარმომადგენლის შეფასებას ბუნებრივია, ვიზიარებ. კონკრეტულად ღვინის საკითხთან დაკავშირებით ჩვენი მოლოდინი იყო ის, რომ ეს პრობლემა უმარტივესად, ამ მოლაპარაკების საფუძველზე, ამ სიის სრული ანულირებით მოგვარდებოდა. თუმცა, ამის სანაცვლოდ მივიღეთ ის, რომ ბატონი გალუზინის მხრიდან გაგვიზიარეს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ შესაძლოა გარკვეული კომპანიები ამოიღონ ამ სიიდან, ხოლო ორი კომპანია დაემატოს, რაც აბსოლუტურად არასწორი დამოკიდებულებაა", - უთხრა ჟურნალისტებს ირაკლი კობახიძემ.

რუსეთი რომ არასტაბილური ბაზარია მიმდინარე წლის ოქტომბერში კიდევ ერთხელ დადასტურდა, როცა ქართული ღვინის კომპანიების ნაწილს რუსეთის ბაზარზე გაყიდვები აეკრძალა. პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორის კორნელი კაკაჩიას თქმით, დასავლეთისგან იზოლირებულ საქართველოს რუსეთი კიდევ უფრო მეტს მოსთხოვს და არ გამორიცხავს, მათ შორის ევრაზიული ინტეგრაციის თემაც მოხვდეს.

"მოლოდინი, რომ მოსკოვში ჩავიდოდნენ და შემდეგ რუსეთი რაღაცას დათმობდა, არ გამართლდა. პირიქით, ის, რაც გაჟღერდა ამის გარდა დარწმუნებული ვარ, სხვა მოთხოვნაც იყო. ეს ყველაფერი რაზე მიუთითებს? იმაზე, რომ რუსეთთან, ასე ვთქვათ, თაფლობის პერიოდი ნელ-ნელა მთავრდება და ახლა ზუსტად იწყება ის ეტაპი, როდესაც რუსეთი ამ ფასის გადახდას მოითხოვს, ანუ საქართველოს ხელისუფლებისგან ის უკვე გადამწყვეტ ნაბიჯებს ელის ევრაზიულ ინტეგრაციასთან დაკავშირებით", - გვეუბნება კაკაჩია.

მთავრობის წევრების უკმაყოფილო განცხადებების ფონზე მკვლევარი გიორგი ანთაძე ფიქრობს, რომ რიტორიკა რასაც ამ შეხვედრის შემდეგ ზურაბაშვილი-კობახიძის განცხადებებიდან საზოგადოება ისმენს, იმის ჩვენებაა რომ მათი მისამართით არსებული შეფასებები პრორუსულობაზე უსამართლოა.

"განცხადებები, რასაც ვუყურებთ კობახიძისგან, ზურაბიშვილისგან და ასე შემდეგ ცოტა საინფორმაციო ხმაურს ჰგავს, ისეთი კამპანიის შექმნის მცდელობას, სადაც „ქართული ოცნება“ ფაქტობრივად ორ აუდიტორიას ესაუბრება. ერთი მხრივ, მოსახლეობას ეუბნება, რომ რუსეთთან პირდაპირ დიალოგს ითხოვს, მაგრამ ამ განცხადებებითა და რუსეთის მხრიდან ამ ნაბიჯებით პირიქით, ოპოზიციას აძლიერებს, ანუ პრობლემებს გვიქმნის აქეთ რუსეთიო როგორღა ვართ ჩვენ, ასე ვთქვათ, „რუსეთის აგენტები“. ჩემზე ორმაგი თამაშის შთაბეჭდილებას ტოვებს საინფორმაციო თვალსაზრისით", - ამბობს ანთაძე.

საქართველოს ჩრდილოელი მეზობლისგან 2006-2012 წლებში გაცილებით მასშტაბური ემბარგოს გამოცდილება აქვს. მაშინ სანიტარიული ნორმების მიზეზით მიღებული გადაწყვეტილების უკან საქართველოში რუსი ჯაშუშების დაკავება იდგა. ამის გამო რუსეთში ქართული ღვინის ექსპორტი აიკრძალა და ემბარგო 7 წელი გაგრძელდა. ამან ღვინის გაყიდვები მნიშვნელოვნად შეამცირა, თუმცა გააჩინა შესაძლებლობა დასავლური ბაზრების ათვისების, რაც არ მოხდა, რადგან ქართული მეღვინეობა კვლავ რუსეთის ბაზარზე დამოკიდებულია.

სტატისტიკა აჩვენებს, რომ წელს რუსეთში საქართველოდან ღვინის ექსპორტი 137 მლნ დოლარამდე შემცირდა.

ბოლო ხუთ წელში ღვინის ექსპორტი რუსეთში:

  • 2025 წელი - 170.6 მლნ დოლარი;
  • 2024 წელი - 182.6 მლნ დოლარი;
  • 2023 წელი - 168 მლნ დოლარი;
  • 2022 წელი - 161 მლნ დოლარი;
  • 2021 წელი - 131 მლნ დოლარი

ექსპორტის ბოლო ხუთი წლის ანალიზი აჩვენებს, რომ ქართული ღვინის გაყიდვები 2023 წლამდე იზრდებოდა, თუმცა 2025 წლიდან კლება იწყება და ჯამში ღვინის ექსპორტი შარშან 170.6 მლნ დოლარამდე შემცირდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები