საქართველო ახლა ისეთსავე გზაგასაყარზე შეიძლება იყოს, როგორც უკრაინა 2014 წელს - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის ყოფილმა ელჩმა უილიამ კორტნიმ განაცხადა.
მას კითხვა ჰელსინკის კომისიის წევრმა ინდიანას შტატის კონგრესმენმა ვიქტორია სპარცმა დაუსვა. სპარცი უკრაინიდან ამერიკაში 2000-იან წლებში გადმოვიდა.
"თუ ოქტომბრის არჩევნები საქართველოში საგრძნობლად გაყალბდება, მაშინ საქართველო შესაძლოა მორიგი ფერადი რევოლუციის წინაშე დადგეს, როგორც ეს მოხდა უკრაინაში. ამდენად, ეს არჩევნები და მასზე დაკვირვება მნიშვნელოვანია" - აღნიშნა უილიამ კორტნიმ.
მისივე თქმით, აშშ ეხმარება საქართველოს საარჩევნო დამკვირვებლების, მონიტორების დაფინანსებით და აკრიტიკებს ხელისუფლების დიქტატორულ ნაბიჯებს, თუმცა გადამწყვეტი სიტყვა ქართველ ხალხს ეკუთვნის.
"სასარგებლოა იმის გააზრება, რომ დასავლეთი არ არის მთავარი მოთამაშე. მთავარი მოთამაშე ხალხია. უკრაინელებმა ამერიკის დახმარებით ააშენეს დემოკრატია. ქართველი ხალხიც საკუთარ მომავალს აშენებს" - თქვა უილიამ კორტნიმ.
ჰელსინკის კომისიაში MEGOBARI Act-ის მოსმენა გაიმართა, რომელიც რესპუბლიკელი კონგრესმენის ჯო უილსონის ინიციატივაა და რომელიც ქართული ოცნების წევრების და მათთან დაკავშირებული პირებისთვის ინდივიდუალურ სანქციათა პაკეტს გულისხმობს.