იმერეთში, წყალტუბოში მდებარე მეურნეობა „ჰერბიამ“ 2023 წელი 32%-იანი ზრდით დაასრულა. კომპანიის დამფუძნებელი ზურაბ ჯანელიძე bm.ge-სთან ამბობს, რომ გასულმა წელმა მოლოდინებს გადააჭარბა, თუმცა გამოწვევები მაინც იყო.
როგორც ჯანელიძე გვიყვება, სირთულეებს შორის ფასების არსებულ ნიშნულზე შენარჩუნებაა. მისივე თქმით, პრობლემებს ქმნის გაზრდილი ხარჯი. საწვავთან, დიზელთან, შესაფუთ მასალებთან ერთად, გაძვირებული კომუნალური გადასახადები კომპანიის გაფართოებას აფერხებს. ზურაბ ჯანელიძე განმარტავს, რომ გეგმაში აქვთ ასორტიმენტის გაფართოება და 40 სახეობისთვის კიდევ ათი პროდუქტის დამატება, თუმცა სანამ ენერგომატარებლებზე ფასები არ დასტაბილურდება, გეგმის განხორციელებას კომპანია ვერ შეძლებს.
„გამოწვევები კომპანიას მუდმივად აქვს და ვცდილობთ ამ სირთულეებს საკუთარი ძალებით გავუმკლავდეთ. უპირველესად მნიშვნელოვანია ფასის დაჭერა. წელს ჩვენ 18 წლის ვხვდებით და ამ პერიოდის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ დავაკორექტირეთ ფასი. ეს კი კომუნალური გადასახადების ზრდამ განაპირობა. მთავარი სირთულე სწორედ გაძვირებული კომუნალური გადასახადებია.
„ჰერბია“ საკუთარი ელექტროენერგიის გენერაციას ახდენს, ამის ხარჯზე თითქმის მოვახერხეთ, რომ ელექტროენერგიის ენერგიის ხარჯი შეგვემცირებინა, მაგრამ ბუნებრივი აირის, წყლის ხარჯები მაინც მაღალია. ზამთრის პერიოდში აუცილებელია გათბეს სათბურები, ამ დროს კი ხარჯი ორმაგდება“ - ამბობს „ჰერბიას“ დამფუძნებელი.
ინფორმაციისთვის, კომპანიის წარმადობა წელიწადში 2000-2200 ტონა პროდუქტს შეადგენს.