მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მთავარია, არ დაუშვათ ამ კანონის მიღება და არა ის, რას შვრება ჩემი ან სხვისი ბიზნესი - მერიკო გუბელაძე

რესტორატორი

"ცალსახად ვეწინააღმდეგები ამ კანონს და იმ გზას, სადაც ამ კანონს მივყავართ" - ასე შეაფასა "რუსული კანონი" BM.GE-სთან რესტორატორმა, მერიკო გუბელაძემ.

მისი თქმით, ახლა არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი, რომ მოქალაქეებმა არ დაუშვან კანონის მიღება.

"სადაც ქვეყანა მიდის, იქ მიდის ჩვენი ბიზნესიც. როგორც მოქალაქე, ცალსახად ვეწინააღმდეგები ამ კანონს და იმ გზას, სადაც ამ კანონს მივყავართ. აქ, არ შეიძლება არსებობდეს ორი აზრი.

უმძიმესი ზამთრის შემდეგ, როგორიც არ მახსოვს არასოდეს, სარესტორნო ბიზნესმა როგორც იქნება თვალებში გამოიხედა, ზრდა დაიწყო და ახლა, რა თქმა უნდა, პროცესი შეფერხდება. ხაზგასმით მინდა ვთქვა, ბიზნესი ამ დროს გადადის უკანა პლანზე და ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რაც ხდება ქვეყანაში. ის, რომ არ დავუშვათ ჩვენ, მოქალაქეებმა ამ კანონის მიღება და არა ის, რას შვრება ჩემი, ან სხვისი ბიზნესი", - განაცხადა გუბელაძემ.

პარლამენტის პლენარული სხდომა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვით განახლდა. განხილვა პირველი მოსმენით, ხმაურით მიმდინარეობს.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ კანონპროექტი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის სტატუსს მიანიჭებს ნებისმიერ საზოგადოებრივ ორგანიზაციას თუ მედიას, რომელიც დაფინანსების 20%-ზე მეტს იღებს დონორული ორგანიზაციებისგან, საერთაშორისო ფონდებისგან თუ უცხოური ასოციაციებისგან. ამ ორგანიზაციებს უცხოური ინტერესების გამტარებელთა რეესტრში რეგისტრაცია და ფინანსური დოკუმენტაციების ამ რეესტრში ატვირთვა მოუწევთ, თუმცა მნიშვნელოვანია გარემოება, რომ საგადასახადო მიზნებისთვის სახელმწიფო ნებისმიერი კომპანიის თუ არასამთავრობო ორგანიზაციის შემოსავლების და ხარჯების შესახებ ინფორმაციას ისედაც ხედავს, ხოლო ახალი რეესტრის შექმნა და ამ რეესტრისთვის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად რეგისტრაცია ორგანიზაციებისა და მედიის სტიგმატიზებას ისახავს მიზნად.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები