მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"მთავარია ბიზნესს სჯეროდეს, რომ..." - ბექა ლილუაშვილი ღარიბაშვილის დაპატიმრებას აფასებს

ბექა ლილუაშვილი

„კორუფცია ბიზნესისთვის ყოველთვის დამატებითი ხარჯია“ - ასე უპასუხა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ პოლიტიკიდან ბიზნესში წასულმა ყოფილმა დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა ჟურნალისტის კითხვას - რამდენად დამაჯერებელია ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის დაკავება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ბრალდებით. ყოფილი დეპუტატის აზრით, ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ დაწყებული სამართლებრივი პროცესი პოზიტიურ შედეგს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოიტანს, თუ ბიზნესს ექნება განცდა, რომ ეს მთავრობის გრძელვადიანი სტრატეგიის ნაწილია.

- მარტივად შემიძლია გითხრათ, რა არის მთავარი დღეს, ჩემი პერსპექტივიდან - მთავარია, ბიზნესს სჯეროდეს, რომ პროცესი, რომელიც არც ირაკლი ღარიბაშვილით დაწყებულა და დიდი ალბათობით, არც დამთავრდება, არის მიმართული კორუფციული დანაშაულის აღმოფხვრისკენ და კორუფციასთან ბრძოლისკენ. თუ ასეთი რამის სჯერა ბიზნესს, ეს პროცესი რაღაცა პოზიტიური შედეგების მომტანი, ალბათ, იქნება. თუ ასეთის არ სჯერა ბიზნესს, მაშინ ეს პროცესი კარგს არაფერს მოიტანს, ამიტომ ახლა რაღაც ღრმა პოლიტიკურ სიღრმეებში შესვლას არ ვაპირებ...

- თქვენ რისი გჯერათ?

- ამას არა აქვს მნიშვნელობა... მთავარია, როგორ პოზიციას დაიჭერს ბიზნეს საზოგადოება და როგორ შეაფასებს ფაქტს.

- მაშინ ასე გკითხავთ - რა გზავნილია ყოფილი პრემიერის დაპატიმრება ბიზნესისთვის, თუ მას არ სჯერა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლებაში მოსვლიდან მე-15 წელს დაიწყო ბრძოლა კორუფციის თუ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის წინააღმდეგ...

- ზოგადად, ბიზნესმა, ალბათ, ყველაზე კარგად იცის, რა ხდება ქვეყანაში, რადგან ამ თვალსაზრისით, კორუფცია მოდის საჯარო მოხელეს, პოლიტიკაში მყოფ ადამიანსა და ბიზნესსუბიექტებს შორის და ალბათ, არავისთვის ახალი არ იყო ის პრობლემები, რაც ამ თვალსაზრისით არსებობდა. ამდენად, თუ ეს პროცესი, იმ რწმენით იქნა წარმართული ბიზნესის მხრიდან, რომ ეს არის ამ პრობლემებთან გრძელვადიანად და მუდმივად ბრძოლის გზა, მაშინ ეს პოზიტიურ შედეგებს მოიტანს, რადგან ნებისმიერ გარემოში კორუფცია ყოველთვის არის ბიზნესისთვის დამატებითი ხარჯი. გარემოში, სადაც კორუფცია არის, ბიზნესის პერსპექტივით რომ შევხედოთ, რთულია, ბიზნესის წარმოება და ამას, ასე ვთქვათ, გამოწვევები თან ახლავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები