საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის, ლევან ვეფხვაძის განცხადებით, უცხო ქვეყნის მოქალაქეების დასაქმების რეგულაციებში მოქცევა გააჩენს ლეგალური მუშაობის საფუძველს, რაც კომპანიებისთვისაც მნიშვნელოვანია.
1-ელი მარტიდან, საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების დასაქმება რთულდება. კერძოდ, ერთ-ერთი მთავარი სიახლეა „შრომითი საქმიანობის უფლება“, რომლის გარეშეც უცხო ქვეყნის წარმომადგენელთან შრომითი ან მომსახურების ხელშეკრულების გაფორმება აკრძალული იქნება. შრომითი საქმიანობის უფლების გარეშე მუშაობა როგორც უცხოელი თანამშრომლის, ისე დამსაქმებლის დაჯარიმებას გამოიწვევს.
BMG-ის კითხვის საპასუხოდ, ლევან ვეფხვაძე ამბობს, რომ მნიშვნელოვანია სახელმწიფოს და ბიზნესის ინტერესების დაბალანსება.
"ორი მხარე აქვს ამას, ერთი არის სახელმწიფოს მხრიდან ხედვა და მათ აქვთ ძალიან ლეგიტიმური ინტერესი, რომ ეს ყველაფერი გარკვეულ რეგულაციაში და ჩარჩოში მოექცეს. მეორე მხრივ ცხადია არის ბიზნესის ინტერესი, რომ რაც შეიძლება მეტი კვალიფიციური კადრი, ან შესაძლოა დაბალანაზღაურებადი კადრი შემოიყვანოს საქართველოში. აქ მთავარია, რომ სწორი დამთხვევა მოხდეს ინტერესების და სურვილების. არის რეგულაცია, ჩვენ ველოდებით ამ რეგულაციასთან დაკავშირებით შესაბამის დოკუმენტს, რომელიც უფრო დეტალურად განმარტავს რა და როგორ იქნება. ჯერჯერობით ჩვენ არ ვუჩივით კომუნიკაციის არარსებობას, იმიტომ რომ ჯანდაცვის სამინისტროსთან ჩვენ მუდმივად ხაზზე ვართ სწორედ იმიტომ, რომ ყველა კითხვა, რომელიც ჩვენს წევრ კომპანიებს აქვთ, შესაბამისად მივიღოთ ამაზე პასუხი. აქამდე პრობლემა, რაც წარმოიშვა, სწორედ ამ კომუნიკაციის შედეგად მოვაგვარეთ.
ეს დოკუმენტი განსაზღვრავს ძირითადად მაინც ღირებულებას. აქამდე მგონი იყო ეს რეგისტრაცია სავალდებულო, მაგრამ ღირებულება არ ჰქონდა. ახლა მე რამდენადაც ვიცი, დაახლოებით 150 000 უცხოელი, ასე ვთქვათ, ექსპატია რეგისტრირებული საქართველოში, თუმცა მათი რაოდენობა შესაძლოა მეტი იყოს, ამიტომ სავალდებულო შემოღების მერე ძალიან საინტერესო სტატისტიკას ვნახავთ საბოლოო ჯამში, როგორ და რანაირად. მთავარია, რომ გაჩნდეს ლეგალური მუშაობის საფუძველი, მე მგონი თვითონ კომპანიებისთვისაც ეს მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ლეგალურად მომუშავე თანამშრომელთან დაკავშირებით მას გრძელვადიანი საფრთხე აღარ ექნებათ",- ამბობს ლევან ვეფხვაძემ.




























