მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა 2024 წლის ბიუჯეტის პირველად პროექტში ანაკლიის პორტის დაფინანსებას არ გაითვალისწინებს

ლაშა ხუციშვილი ფინანსთა სამინისტრო

მთავრობა დღეს საქართველოს პარლამენტს 2024 წლის ბიუჯეტის პირველად პროექტს წარუდგენს - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა განაცხადა. მთავრობის სხდომაზე დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, მომდევნო წელს ნაერთი ბიუჯეტის ხარჯები 27.8 მილიარდი ლარი იქნება. თუმცა, აქედან ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ინფრასტრუქტურისთვის სახელმწიფო ხარჯები გათვალისწინებული არაა. BMG-ის კითხვაზე პასუხისას ლაშა ხუციშვილმა განმარტა, რომ ამ ხარჯს შემდგომი წარდგენის ბიუჯეტში გაწერენ. 

“რაც შეეხება ანაკლიას, მიმდინარე წლის ბიუჯეტში გაჩნდა დაფინანსება და 20 მილიონი დაიხარჯება. თქვენ იცით, რომ ჩვენ მიმდინარე პროცესში ვართ კონკურსის, რომლითაც უნდა გამოვლინდეს კომპანია, რომელიც იქნება ჩართული მშენებლობის და ოპერირების პროცესში. ამ პროცესში ბევრი დეტალია, რომელიც შემდგომ იქნება დაზუსტებული. ამ წარდგენის ბიუჯეტში ეს ხარჯები არ იქნება ასახული. თუმცა, ოქტომბერში როდესაც იქნება მეორე წარდგენა, იქ იქნება მოცემული. რა ხარჯებიც იქნება დასახარჯი, ეს ინფორმაცია სრულად წარედგინება პარლამენტს,”- განაცხადა ფინანსთა მინისტრმა. 

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობისთვის ამჟამად კონკურსის მეორე რაუნდი მიმდინარეობს. ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა 22 სექტემბერს განაცხადა, რომ პროექტის განხორციელებით ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი და შვეიცარულ-ლუქსემბურგული კომპანია არიან დაინტერესებული და სწორედ ეს ორი კომპანია მიიღებს კონკურსის მეორე ეტაპში მონაწილეობას. 

საქართველოს მთავრობა ანაკლიის მშენებარე პორტში მაჟორიტარი აქციონერი იქნება და საკონტროლო 51% პაკეტი მის მფლობელობაში იქნება. შესაბამისად, გამოცხადებული ინტერესთა გამოხატვით სახელმწიფო ეძებს ინვესტორს, რომელიც ასობით მილიონი დოლარის კაპიტალდაბანდებას თავად განახორციელებს და პორტში მხოლოდ 49%-იან მფლობელობას დასჯერდება. ამასთან, მთავრობა აცხადებს, რომ ის კერძო ინვესტორის კრედიტების გარანტირებას არ აპირებს. მთავრობის ინფორმაციით, პროექტის პირველი ფაზის საინვესტიციო მოცულობა 589 მილიონ დოლარს შეადგენს. 

პროცესის პარალელურად, სახელმწიფომ დააფუძნა კომპანია, რომელმაც  დაიწყო მოსამზადებელი სამუშაოები საზღვაო ინფრასტრუქტურის (ფსკერდაღრმავება, ტალღმტეხელი) მშენებლობის მიზნით. ამავე კომპანიას, კაპიტალშენატანის სახით, გადაეცემა პირველი ფაზის სამშენებლო სამუშაოებისთვის საჭირო მიწის ნაკვეთების ნაწილი.