მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა 2026 წლიდან სათბურის აირის გაფრქვევის ნებართვების სისტემის შემოღებას გეგმავს - ვის შეეხება?

ცო2

საქართველოს პარლამენტში მთავრობის მიერ ინიციირებულია საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც სათბურის ეფექტის გამომწვევი გაზების, მათ შორის CO₂-ის, გაფრქვევაზე ახალი რეგულაციების დაწესებას ითვალისწინებს. კანონპროექტი „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანას გულისხმობს და მიზნად ისახავს ემისიების მონიტორინგის, ანგარიშგებისა და დამოწმების (MRV) სისტემის შექმნას.

კანონპროექტს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ზურაბ ეზუგბაია წარადგენს. ინიციატორი საქართველოს მთავრობაა.

გარემოს შესახებ კანონპროექტის განმარტებით, ცვლილებები უკავშირდება საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებისა და ენერგეტიკული გაერთიანების ფარგლებში აღებულ ვალდებულებებს. კანონპროექტი ემყარება ევროკავშირის ემისიებით ვაჭრობის სისტემის (ETS) პრინციპებს და შესაბამის ევროპულ რეგულაციებს.

დოკუმენტის მიხედვით, მთავრობის მიერ განსაზღვრულ რიგ საქმიანობებზე სავალდებულო გახდება სათბურის გაზების გაფრქვევაზე ავტორიზაციის მიღება. მოთხოვნები გავრცელდება ენერგეტიკის, მძიმე მრეწველობის, სამშენებლო მასალების წარმოების, ქიმიური ინდუსტრიისა და სხვა სექტორებზე, აგრეთვე საავიაციო საქმიანობაზე. ოპერატორები ვალდებული იქნებიან ყოველწლიურად წარადგინონ დამოწმებული ანგარიშები CO₂-ისა და სხვა სათბურის გაზების ემისიების შესახებ.

კანონპროექტი ითვალისწინებს გარდამავალ პერიოდს: MRV სისტემის მოთხოვნები სრულად ამოქმედდება 2026 წლის 1 იანვრიდან. ავტორიზაციის გაცემა უფასო იქნება, თუმცა მონიტორინგისა და ანგარიშგების პროცესი კომპანიებისთვის დამატებით ადმინისტრაციულ და ფინანსურ ვალდებულებებს შექმნის.

მთავრობის შეფასებით, ცვლილებები ხელს შეუწყობს საქართველოს კლიმატის პოლიტიკის გაძლიერებას, ემისიების შემცირების პროცესის გამჭვირვალობას და ქვეყნის კანონმდებლობის დაახლოებას ევროკავშირის სტანდარტებთან.

ახალი რეგულაციის მონიტორინგის აღსრულებისთვის სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო ხუთ პირს დაასაქმებს, ხოლო გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი კი 10 პირს. მოსალოდნელი საბიუჯეტო ეფექტი ასეთი იქნება:

"კანონპროექტის მოახდენს გავლენას სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. კერძოდ, სსიპ - გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ ახალი ფუნქციის განსახორციელებლად დასჭირდება ახალი სტრუქტურული ერთეული 5 შტატით. რისთვისაც საჭირო იქნება დამატებითი ფინანსური რესურსები: 2025 წელს - 172,368 ლარი (ხელფასი) და სამეურნეო (ავეჯის, ტექნიკის და სხვა ხარჯები) ხარჯი 18,900 ლარი, 2026 წელს - 172,368 (ხელფასი) ლარი და შემდგომი წლები, ყოველწლიურად - 172,368 ლარი (ხელფასები). მიმდინარე წელს სსიპ - გარემოს ეროვნული სააგენტოს თანამშრომლების ხელფასების დაფინანსება ხორციელდება საკუთარი შემოსავლებიდან, ხოლო 2025 წლიდან იგეგმება ეტაპობრივად სახელმწიფო ბიუჯეტზე გადასვლა. შესაბამისად ხელფასების დაფინანსება განხორციელდება ან სააგენტოს საკუთარი შემოსავლებიდან ან სახელმწიფო ბიუჯეტიდან. კანონპროექტის მოთხოვნების შესრულებაზე სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი იქნება სსდ - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი. მისთვის დამატებით საჭირო იქნება 10 ახალი საშტატო ერთეული (თანამშრომელი). რისთვისაც საჭირო იქნება: 2025 წელს - 275,160 ლარი (ხელფასი) და 27,000 ლარი სამეურნეო ხარჯი (ავეჯის, ტექნიკის და სხვა ხარჯები) სულ 302,160 ლარი, 2026 წელს და შემდგომი წლებში კი ყოველწლიურად - 275,160 ლარი (ხელფასები)", - ნათქვამია განმარტებით ბარათში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები