მთავრობა 24 რადიოკომპანიას 1.5 მილიონი ლარის დავალიანებას ჩამოაწერს, რაც მათ შპს „საქართველოს ტელე-რადიო ცენტრისადმი“ დაუგროვდათ. ამის შესახებ განცხადება ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.
„მოგეხსენებათ, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებობს ასეთი კომპანია შპს „საქართველოს ტელე-რადიო ცენტრი“, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით ანძებს ფლობს. ამ ანძების მეშვეობით სხვადასხვა რადიომაუწყებელს სიხშირეებს ვაწვდით. ჩვენ და ასევე მარეგულირებელ კომისიას ცოტა ხნის წინ 24-მა რადიოკომპანიამ მიმართა და ამ ტელერადიო ცენტრის მიმართ დაგროვილი დავალიანების პატიება ითხოვა, რაც ახსნილი იქნა კორონავირუსის პანდემიის პერიოდით.
ჩვენ მიერ ეს მოთხოვნა გაზიარებულ იქნა, მათ შორის, მათი არგუმენტაცია. მართლაც, რადიოკომპანიების ძირითადი შემოსავალი არის რეკლამა, მოგეხსენებათ, რომ 2020 წელს შეფერხებული იყო ეკონომიკური საქმიანობა და რა თქმა უნდა, მათ შემოსავლები ან შეუწყდათ ან შეუმცირდათ. აქედან გამომდინარე, მთავრობამ მათი მოთხოვნა გაიზიარა და საერთო ჯამში 24 რადიომაუწყებელი კომპანიის მიმართ დაახლოებით 1.5 მლნ ლარის დავალიანება და ასევე, წლის ბოლომდე მომსახურების საფასურის პატიება მოხდება. ჩვენ გვინდა მათ ვუსურვოთ წარმატება“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.




























