6 წლამდე ავტომობილების განბაჟებაც ძვირდება - ამას ითვალისწინებს საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებები, რომელიც "ქართული ოცნების" წევრებმა პარლამენტში დაარეგისტრირეს.
ცვლილების შედეგად, აქციზის განაკვეთი 0-დან 6 წლამდე ავტომობილებისთვის კუბურ სანტიმეტრზე 1.5 ლარით განისაზღვრება. 6 წელზე მეტი ხნის ავტომობილებისთვის კი აქციზის საფასური კუბურ სანტიმეტრზე 4.5 ლარი იქნება, რაც ცნობილი გასული კვირის ხუთშაბათს კანონპროექტის დაანონსებისას გახდა, თუმცა ახლა უშუალოდ დოკუმენტის გამოქვეყნების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ აქციზის მატება 6 წლამდე ავტომობილებსაც შეეხება.
უფრო დეტალურად, აქციზის განაკვეთები ასე გადანაწილდება:
- 1 წლამდე ავტომობილებისთვის - მოქმედია 1.5 ლარი; იქნება 1.5 ლარი, მატება 0%;
- 1 წლის ავტომობილებისთვის - მოქმედია 1.5 ლარი; იქნება 1.5 ლარი, მატება 0%;
- 2 წლის ავტომობილებისთვის - მოქმედია 1.5 ლარი; იქნება 1.5 ლარი, მატება 0%;
- 3 წლის ავტომობილებისთვის - მოქმედია 1.4 ლარი; იქნება 1.5 ლარი, მატება 7%;
- 4 წლის ავტომობილებისთვის - მოქმედია 1.2 ლარი; იქნება 1.5 ლარი, მატება 25%;
- 5 წლის ავტომობილებისთვის - მოქმედია 1 ლარი; იქნება 1.5 ლარი, მატება 50%;
- 6 წლის ავტომობილებისთვის - მოქმედია 0.8 ლარი; იქნება 1.5 ლარი, მატება 88%;
6 წელზე მეტი ხნის წინ გამოშვებული ავტომობილებისთვის კი გადასახადი ძრავის მოცულობის თითოეულ კუბურ სანტიმეტრზე 4.5 ლარი იქნება.
შესაბამისად, თუკი ამჟამად 6 წლის 2.5 ლიტრის ძრავის მქონე ავტომობილის აქციზის გადასახადი შეადგენს 2 ათას ლარს, ის 3.75 ათასი ლარი გახდება.
ამასთან, კანონპროექტის თანახმად, 6 წლამდე ჰიბრიდული ავტომობილებისთვის ძალაში იქნება 60%-ით შემცირებული აქციზის განაკვეთი.
"საქართველოში იმპორტირებული მსუბუქი ავტომობილების მნიშვნელოვანი ნაწილი 6 წელზე მეტი ასაკისაა, რაც ქვეყნის ავტოპარკის მოძველებულ სტრუქტურას განაპირობებს. აღნიშნული ტენდენცია უარყოფით გავლენას ახდენს გარემოს მდგომარეობაზე, საგზაო უსაფრთხოებაზე და ენერგოეფექტიანობაზე. ხანდაზმული ავტომობილები, როგორც წესი, ხასიათდება მავნე ნივთიერებების მაღალი ემისიით, საწვავის არაეფექტიანი მოხმარებითა და ტექნიკური გაუმართაობის მომატებული რისკით, რაც ჰაერის დაბინძურების ზრდასა და საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების სიხშირის მატებას იწვევს. მოქმედი აქციზით დაბეგვრის სისტემა, მიუხედავად ასაკობრივი დიფერენცირების არსებობისა, პრაქტიკაში ვერ უზრუნველყოფს ახალი ან შედარებით ახალი ავტომობილების იმპორტის სათანადო სტიმულირებას. მოქმედი განაკვეთების პირობებში, განსაკუთრებით 6-8 წლის ავტომობილებზე დაწესებული შედარებით დაბალი აქციზი, ეკონომიკურად ხელსაყრელს ხდის სწორედ ამ ასაკობრივი კატეგორიის ავტომობილების შემოყვანას და ვერ ქმნის ეფექტიან ფინანსურ ბარიერს უფრო ხანდაზმული ავტომობილების იმპორტის შესაზღუდად. კანონის მიღება აუცილებელია იმისთვის, რომ შეიქმნას სტაბილური და პროგნოზირებადი საგადასახადო გარემო 0-დან 6 წლის ასაკის ჩათვლით მსუბუქ ავტომობილებზე, ზომიერი და ერთიანი აქციზის განაკვეთის დაწესების, ხოლო 6 წელზე მეტი ასაკის მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის მნიშვნელოვნად გაზრდის გზით,"- ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
განმარტებით ბარათს არ ახლავს დეტალური ინფორმაცია თუ რამდენი მილიონი ლარის საგადასახადო შემოსავალი დააკლდება სახელმწიფო ბიუჯეტს. 2025 წელს ავტომობილების აქციზიდან ბიუჯეტში 329 მილიონი ლარი შევიდა.
"2023–2025 წლების იმპორტისა და დარიცხული აქციზის მონაცემებზე დაყრდნობით, 0- დან 6 წლის ასაკის ჩათვლით მსუბუქ ავტომობილებზე ერთიანი აქციზის განაკვეთის - ძრავის მოცულობის 1 სმ³-ზე 1.5 ლარით განსაზღვრა იწვევს აღნიშნულ სეგმენტში ბიუჯეტის შემოსავლების ზრდას. ამავე დროს, 6 მეტი ასაკის ავტომობილებზე აქციზის განაკვეთის ზრდა, სავარაუდოდ, შეამცირებს ამ სეგმენტში იმპორტის რაოდენობას. იმ შემთხვევაში, თუ იმპორტიორთა დაახლოებით 60% გადაერთვება შედარებით ახალ ავტომობილების იმპორტზე, მოსალოდნელია, რომ დაბალანსდება ხანდაზმული ავტომობილების იმპორტის შემცირებით გამოწვეული შემოსავლების კლება,"- ნათქვამია განმარტებით ბარათში, თუმცა არაა წარდგენილი უშუალოდ რამდენი მილიონი ლარის ეფექტი ექნება ამ ცვლილებას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
იმის მიუხედავად, რომ ინიციატივა მთავრობამ წარადგინა, პარლამენტში კანონპროექტის ინიცირება ქართული ოცნების დეპუტატების მიერ მოხდა და არა მთავრობის ადმინისტრაციის მიერ.




























