მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მთავრობა ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული მოხელეების ლიმიტის ზრდას გეგმავს

მთავრობა

საქართველოს მთავრობა ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული მოხელეების ლიმიტის არსებული 10%-დან 15%-მდე ზრდას გეგმავს - ამას ითვალისწინებს მთავრობის მიერ პარლამენტში საჯარო სექტორში შრომის ანაზღაურების შესახებ წარდგენილი კანონპროექტი.

დოკუმენტის თანახმად, მუნიციპალიტეტებში 10%-ის ლიმიტი დარჩება, ხოლო სამინისტროებსა და სხვა სახელმწიფო უწყებებში კი ლიმიტი 15%-მდე გაიზრდება. საჯარო უწყებებში 10%-ზე მეტის ოდენობით ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული მოხელეების დასაქმება ამჟამადაც იყო შესაძლებელი, თუმცა ამას მთავრობის ადმინისტრაციის ნებართვა ესაჭიროებოდა, ახლა კი 15%-ის ლიმიტი იმოქმედებს.

ეს ნიშნავს, რომ თუკი რომელიმე კონკრეტულ უწყებას განსაზღვრული აქვს 300 ადამიანის შტატი, მას დამატებით ადმინისტრაციული ხელშეკრულებით 45 ადამიანის დასაქმება შეეძლება, ნაცვლად 30-ისა.

მნიშვნელოვანია გარემოება, რომ მთავრობის მიერ მომზადებული კანონპროექტის განმარტებით ბარათში არ არის მითითებული ამჟამად სახელმწიფო უწყებებში რამდენი ადმინისტრაციული ხელშეკრულების მქონე მოხელე არის დასაქმებული.

ამასთან, მითითებულია რომ ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირების რაოდენობის ზრდა განაპირობა საჯარო სამსახურში 2024 წელს მიღებული კანონით განხორციელებულმა რეორგანიზაციებმა, რომლის შედეგადაც საჯარო უწყებებში დეპარტამენტების უფროსები და მათი მოადგილეები, რომლებიც იქამდე შტატით დასაქმებულებად ითვლებოდნენ გადავიდნენ ადმინისტრაციულ ხელშეკრულებებზე. აქედან გამომდინარე გაიზარდა ადმინისტრაციული ხელშეკრულებების მქონე პირთა რიცხვი, რის გამოც აუცილებელია კანონით დადგენილი ლიმიტი რეალობასთან იყოს შესაბამისობაში და მისი ზღვარი გაიზარდოს.

"2024 წლის საკანონმდებლო ცვლილებით (საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“; 13 დეკემბერი 2024 წ. N165-Iმს-XIმპ) საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე, რომლებიც მანამდე განეკუთვნებოდნენ საჯარო მოხელეთა კატეგორიას, განისაზღვრნენ ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებად. შესაბამისად, გაიზარდა ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რიცხოვნობაც,"- ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

დოკუმენტში არაა მითითებული თუ რა არის ამჟამად ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირების რაოდენობა, თუმცა სავარაუდოდ ის უკვე აღწევს 117,000-ის ანუ საჯარო უწყებებში შტატით დასაქმებული პირების 15%-ს, რაც 17,000-ზე მეტია.

განსხვავებით ჩვეულებრივად შტატით დასაქმებული პირებისგან, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირების თანამდებობიდან გათავისუფლება უწყების ხელმძღვანელს გამარტივებული წესით, ერთი თვით ადრე შეტყობინებით შეუძლია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები