2026 წლიდან კონსოლიდირებულ ტენდერებს ახალი სსიპ-ი ჩაატარებს. მთავრობის ადმინისტრაციის მიერ მომზადებული კანონპროექტი პარლამენტში დღეს განიხილება და მის მიზანს მთავრობის ადმინისტრაციის მხრიდან საჯარო უწყებების სატენდერო პროცესის მონიტორინგის და ეფექტიანობის ზრდა წარმოადგენს. აღნიშნული ორგანოს შექმნა 2027 წლის 1 იანვრიდან იყო განსაზღვრული, თუმცა განახლებული კანონპროექტით, 2026 წლის 1 ივნისიდან კონსოლიდირებულ ტენდერებს სწორედ ეს ორგანო ჩაატარებს.
ინიციატივა მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ვახტანგ ბაჩიაშვილმა წარადგინა, მისი თქმით, აღნიშნულ ფუნქციას ეს ორგანო სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსგან გადაიბარებს.
"ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს შექმნა 2027 წლის 1 იანვრიდან იყო განსაზღვრული, თუმცა მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ეს ორგანო ამოქმედდეს 2026 წლის 1 ივნისიდან. ცენტრალური შემსყიდველი ორგანო იქნება დამოუკიდებელი იურიდიული პირი და მასზე გადავა ის ფუნქცია, რასაც ამჟამად სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო კონსოლიდირებული ტენდერების სახით ატარებს. ეს ორგანო დამოუკიდებლად იქნება პასუხისმგებელი კონსოლიდირებულ ტენდერებზე.
ცენტრალური შემსყიდველი ორგანო უზრუნველყოფს კონსოლიდირებული ტენდერების განხორციელებას და ჩატარებას. უნდა აღინიშნოს, რომ 2019 წლიდან იზრდება კონსოლიდირებული ტენდერების მოცულობა, ესენია ფართო საჭიროებების მქონე საქონელი და მომსახურება,"- განაცხადა ვახტანგ ბაჩიაშვილმა.
კონსოლიდირებული ტენდერები ამჟამად ისეთი საქონლისა და მომსახურების მიღების მიზნით ტარდება, რომელიც საჯარო უწყებების მიხედვით იდენტურია, მაგალითად საწვავის მიწოდების, მობილური სატელეფონო მომსახურების, A4 ქაღალდების, პრინტერების და საოფისე აღჭურვილობის ტენდერები.
არსებული მდგომარეობით, მიმდინარე კონსოლიდირებული ტენდერების ჩამონათვალი ასეთია:




























