მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა „აკ-ეარ ჯორჯიას-თან" ხელშეკრულების განახლებას გეგმავს - რა პირობებით გაგრძელდება შიდა ფრენები?

აკ-ეარი

„აკ-ეარ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ამირან მანჯავიძე ამბობს, რომ მთავრობასთან შიდა ფრენებზე კონტრაქტის განახლებაზე შეთანხმდნენ და ელის, რომ კონტრაქტს უახლოეს პერიოდში მოეწერება ხელი.

მანჯავიძე BMG-თან საუბრისას ასევე ამბობს, რომ კონტრაქტი ძველი პირობებით განახლდება და ფრენები იგივე მიმართულებით ნატახტარის აეროპორტიდან გაგრძელდება, თუმცა კომპანია გაძვირებული საავიაციო საწვავის გამო, ფასის 6%-იან ზრდას ითხოვს.

"არის საწვავთან დაკავშირებით საუბარი და მაგას გადაწყვეტს ალბათ მთავრობა, რადგან საწვავი ძალიან გაძვირდა. ჩვენც დავაყენეთ საკითხი და მოვითხოვეთ 6%-ით გაიზარდოს რომ გადაიფაროს საწვავის ღირებულება. სხვა იგივე პირობები რჩება ყველაფერი", - ამბობს მანჯავიძე.

ამ დრომდე მოქმედი კონტაქტით, კომპანიამ შიდა ფრენები 31 ივლისამდე უნდა შეასრულოს. უკვე რამდენიმე წელია შიდა ფრენებს ავიაკომპანია „აკ-ეარ ჯორჯია" ახორციელებს, მასთან სახელმწიფომ ხელშეკრულება 2018 წელს გააფორმა და ამის შემდეგ ვადას უხანგრძლივებს. 2024 წელს სახელმწიფო კომპანიამ შიდა ფრენებზე ჯამში ორი ტენდერი გამოაცხადა, რომელთა ღირებულება 23 მლნ ლარს აღემატებოდა, ტენდერები ჩაიშალა, რადგან მონაწილეობა არავინ მიიღო.

რაც შეეხება ფასებს, ნატახტარი-მესტიის ფასი 90 ლარია, ნატახტარი-ამბროლაურის რეისის ფასი კი 50 ლარს შეადგენს. ნატახტრიდან-ბათუმში გაფრენა 125 ლარი ღირს, ხოლო მესტია-ქუთაისის რეისის ფასი 50 ლარს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები