მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა “აკურას” ღვინის ქარხანას ძველ მესაკუთრეებს უბრუნებს

5f6dbd3793e8b
შოთა ტყეშელაშვილი
25.09.20 13:55
3238
მთავრობა მის დაქვემდებარებაში არსებულ “აკურას” ღვინის ქარხანას კერძო მესაკუთრეებს უბრუნებს. ამის შესახებ BMG-ის გადაცემა "ანალიტიკისთვის" ექსკლუზიურად გახდა ცნობილი. ღვინის ქარხანა, რომელიც გასული 16 წლის განმავლობაში სახელმწიფოს საკუთრებაში იმყოფებოდა, მფლობელს უბრუნდება. BMG-ის სოფლის მეურნეობის სამინისტროში განუცხადეს, რომ აქტივები, რომლებიც კომპანიამ სახელმწიფო საკუთრებაში ყოფნის დროს შეიძინა, კვლავ სახელმწიფოს საკუთრებაში დარჩება, ხოლო მის ძველ მესაკუთრეებს დაუბრუნდებათ ქონება, რომელსაც ქარხანა ჩამორთმევამდე ანუ 2004 წლამდე ფლობდა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებით, აქტივების გადაცემა “სამართლიანობის აღდგენის” პოლიტიკის ფარგლებში ხდება.

“შპს „აკურა“, რომელიც დღეს სახელმწიფო საკუთრებაშია, წლების წინ, უკანონოდ ჩამოერთვა კერძო მესაკუთრეს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს კომპანიის კანონიერი მესაკუთრისთვის გადაცემის პროცესი, რითაც აღდგება სამართლიანობა. კომპანიას მესაკუთრე იმ აქტივებით დაიბრუნებს, რომელიც ჩამორთმევამდე ჰქონდა", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

კომპანია სახელმწიფო საკუთრებაში 2004 წელს გადავიდა. რამდენიმე წლის წინ ობიექტი ერთ-ერთ გახმაურებულ საქმეში - ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ადეიშვილის საქმეებში ფიგურირებდა. სასამართლო მასალების თანახმად, სახელმწიფოს ხელში ღვინის ქარხნის გადაცემა კი კანონდარღვევით მოხდა. წარსულში კომპანიის აქციონერები ფიზიკური პირები თეიმურაზ მეგრელიშვილი და ნოდარ მოდებაძე იყვნენ, ქარხანას კი, “საქართველოს საზღვაო ბანკის” ვალი ჰქონდა, რომელიც ამავე პერიოდში ლიკვიდაციის პროცესში იყო.

BMG-სთან საუბარში ქარხნის ყოფილი მეწილე, თეიმურაზ მეგრელიშვილი ამბობს, რომ ქარხნის დაბრუნების საკითხზე ისინი გასული წლების განმავლობაში მუშაობდნენ.

“როდესაც კომპანიის გადმოცემა გადაწყდება, ჩვენ განვიხილავთ სამომავლო საქმიანობის საკითხს, მე მიმაჩნია, რომ ამ ღვინის ქარხნის შენარჩუნება ერთ-ერთი პრიორიტეტულია, რადგან სიმძლავრით, "აკურას" ქარხანა ერთ-ერთი უდიდესია კახეთის რეგიონში", - ამბობს თეიმურაზ მეგრელიშვილი.

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობა რთველის სუბსიდირებას კომპანია “აკურას” მეშვეობით ახდენდა. “აკურას” გავლით სახელმწიფო მევენახეებისგან პირდაპირი შესყიდვის გზით ყიდულობდა ყურძენს, რის შემდეგაც კომპანია სპირტსა და ღვინო მასალას აწარმოება.

"აკურას" მეშვეობით სახელმწიფომ 2016 წელს 35 მილიონი ლარის ყურძენი, 2017 წელს 40 მილიონი ლარის ყურძენი, 2018 წელსაც 40 მილიონი ლარის ყურძენი, 2019 წელს კი 80 მილიონ ლარამდე მოცულობის ყურძენი შეისყიდა. 2020 წლის რთველში კი სახელმწიფო გამარტივებული წესით კომპანიის მეშვეობით დამატებით 35 მილიონი ლარის მოცულობის ყურძნის შესყიდვას გეგმავს.

BMG-სთან საუბარში ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ლევან მეხუზლა ამბობს, რომ ყურძენი და მისგან დამზადებული ღვინო მასალა, რომელსაც 2020 წლის რთველში “აკურა” შეიძენს სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ახალ კომპანიას, “მოსავლის მართვის კომპანიას” გადაეცემა. ამავე კომპანიის აქტივებში გადავა ის მარაგები, რომლებიც სახელმწიფოს დაქვემდებარებაში ყოფნის დროს სს “აკურამ” დააგროვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები