საქართველოს მთავრობა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სამშენებლო ზედამხედველი კომპანიის შესარჩევად ემზადება - ამის შესახებ მთავრობის მიერ მიღებული განკარგულებიდან ირკვევა. დოკუმენტის თანახმად, ზედამხედველი კომპანია საერთაშორისო ტენდერით შეირჩევა, რომელიც მსოფლიო ბანკის წესებით ჩატარდება.
აღნიშნულ ტენდერს ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული “ანაკლიის საზღვაო ნავსადგური” განახორციელებს.
ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა 29 მაისს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ინვესტორის შესარჩევი საერთაშორისო კონკურსის წინასწარი შედეგების შესახებ წარადგინა ინფორმაცია. მინისტრის თქმით, ფინალურ ეტაპზე გადასულ ორ კომპანიას ლუქსემბურგულ-შვეიცარიულ TIL-სა და ჩინურ სინაგურულ კონსორციუმს (CCCC და CCCC-ის შვილობილი China Harbour Investment PTE) შორის განაცხადი მხოლოდ CCCC-იმ წარადგინა, შესაბამისად სწორედ აღნიშნული კომპანია შეიძლება ჩაითვალოს. თავის მხრივ CCCC ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი სახელმწიფო კონგლომერატია.
პორტის ინვესტორის შერჩევასთან ერთად, საქართველოს მთავრობას დაწყებული აქვს პარალელური პროცესი პორტის საინჟინრო კონტრაქტორის შესარჩევად. ანუ ეს იქნება კომპანია, რომელიც დააპროექტებს და ააშენებს პორტს, ხოლო აღნიშნულისთვის თანხას პორტის ინვესტორი გადაიხდის. ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა 29 მაისს განაცხადა, რომ ამ ტენდერში გამარჯვებული უახლოეს მომავალში გამოვლინდება.
„პარალელურად ჩვენ ჩავატარეთ უკვე სამშენებლო ტენდერი, რომელიც „მსოფლიო ბანკის“ წესების მიხედვით წარიმართა. ჩვენ მივიღეთ სამი განაცხადი, რომელთა დამუშავებაც პარალელურად ხდება - ასე რომ, ჩვენ ორი პროცესი წარვმართეთ ერთდროულად, რათა პროექტი განხორციელდეს დროში მაქსიმალურად სწრაფად, ქართული კანონმდებლობის შესაბამისად და ამავე დროს მაღალი სტანდარტით. უახლოეს პერიოდში ჩვენ ასევე გვეყოლება სამშენებლო ტენდერში გამარჯვებული კომპანია და ძალიან მალე დავიწყებთ სამშენებლო სამუშაოებს უკვე ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის მიმართულებით“ - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
ეკონომიკის სამინისტროს შეფასებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის პირველი ფაზის საინვესტიციო ღირებულება 600 მილიონი დოლარი იქნება, რომლის მეშვეობითაც უნდა აშენდეს ტერმინალი, რომლის წლიური გამტარიანობა წლიურად 600,000 კონტეინერი იქნება, ხოლო ნაყარი ტვირთების სახით მას წლიურად 7.8 მილიონი ტონის გატარება შეეძლება.
BMG-იმ ეკონომიკის სამინისტროს მიმართა კითხვით, როდის გამოცხადდება პროექტის სამშენებლო ზედამხედველის შესარჩევი საერთაშორისო ტენდერი.