არასამთავრობოები სამთავრობო დაფინანსებით. მთავრობა არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საგრანტო პროგრამას აფუძნებს. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ის გადასახადის გადამხდელების ფულით დაფინანსდება. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, პრემიერმა აღნიშნა, რომ საგრანტო ფონდის გამართული მუშაობისთვის აუცილებელი ინსტიტუციური და ფინანსური საფუძვლები უახლოესი 2 თვის განმავლობაში მომზადდება, ხოლო პირველი საგრანტო პროექტები 2025 წლის იანვრიდან დაფინანსდება. კობახიძე ირწმუნება, რომ ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროგრამები დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას, კორუფციასთან ბრძოლას, რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვას და სხვა მიმართულებებს მოხმარდება. როგორ წარმოუდგენია პრემიერს ბიუჯეტიდან დაფინანსებულმა ორგანიზაციებმა შეასრულონ ის ფუნქცია და მიზანი, რაც ზოგადად, არასამთავრობო სექტორს აქვს?