მიმდინარე წლის შემოდგომაზე შს სამინისტრო კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციის შესახებ ახალ კანონპროექტს დაწერს.
ამას ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის სტრატეგია, რაც მიმდინარე საშემოდგომო სესიაზე წარსადგენი კანონპროექტების ნუსხას მოიცავს.
„საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის მიღებით დარეგულირდება იმ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის საკითხები, რომლებიც ასაკისა და სხვა გარემოებების გამო სისხლის სამართლის მართლმსაჯულების მიღმა არიან დარჩენილი“, - ნათქვამია მთავრობის გეგმაში. აქვე აღნიშნულია, რომ კანონპროექტის მიიღება სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას არ იწვევს.
შეგახსენებთ: შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ჯერ კიდევ მარტში განაცხადა, რომ შსს იუსტიციის სამინისტროსთან და სხვა უწყებებთან ერთად, მუშაობს ე.წ. გერმანულ მოდელზე, რომელიც ითვალისწინებს დანაშაულის ჩამდენი ბავშვების იზოლირებულ საცხოვრებელში მოთავსებას. მისი განმარტებით, ბავშვთა სახლისგან განსხვავებით, აღნიშნული დაწესებულების დატოვების უფლება მოსამართლის ნებართვის გარეშე ბავშვებს არ ექნებათ. „ეს იქნება არა ციხე, არამედ ჩვეულებრივი სახლის პირობები: სკოლა, მასწავლებლები, აღმზრდელები, განათლება, სპორტი… შეიძლება იყო სამთვიანი, ექვსთვიანი, ერთწლიანიც. ამ მოდელზე აქტიურად ვმუშაობთ იუსტიციასთან. სხვა გამოსავალი ვერ ვნახეთ“, - განაცხადა მაშინ ვახტანგ გომელაურმა.