საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ლევან ჟორჟოლიანმა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის უფროსი მრჩევლის, ჯონათან ასკონასის ხელმძღვანელობით ჩამოსულ სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციას უმასპინძლა - ინფორმაციას თავად ადმინისტრაცია ავრცელებს.
შეხვედრის ცენტრალური თემა საქართველოს ხელისუფლების მიერ ქვეყნის სატრანზიტო და დაკავშირებადობის ფუნქციის გაძლიერებისთვის გადადგმული ნაბიჯები იყო. როგორც ადმინისტრაციამ გაავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, ლევან ჟორჟოლიანმა ამერიკულ მხარეს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია იმ მსხვილი ინფრასტრუქტურული ინვესტიციების შესახებ, რომელსაც სახელმწიფო სარკინიგზო, საგზაო და საპორტო მიმართულებით ახორციელებს.
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის განცხადებით, საქართველოს მთავრობა აშშ-სთან არსებული თანამშრომლობის დღეს არსებულ დონეს არასაკმარისად მიიჩნევს და კიდევ ერთხელ ადასტურებს მზაობას, სტრატეგიული პარტნიორობა „სუფთა ფურცლიდან“, კონკრეტული გზამკვლევით განახლდეს.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს საქართველოს პოზიცია ე.წ. „ტრამპის მარშრუტთან“ (TRIPP) დაკავშირებით. ადმინისტრაციის ინფორმაციით, აღინიშნა, რომ საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის შემუშავებული TRIPP-ის ინიციატივას რეგიონში შეიძლება ჰქონდეს პოზიტიური ეფექტი, მათ შორის, ტვირთების მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით, სადაც აშშ-ის როლს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.
დისკუსიის ერთ-ერთი თემა იყო ტრამპის ადმინისტრაციის ძალისხმევა რეგიონში მშვიდობის განმტკიცებისთვის. ამასთან, დადებითად შეფასდა საქართველოს მონაწილეობა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზების პროცესში.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ "ქართულ ოცნებაში" საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე ხვთისიაშვილი და საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ალან პერსელი.




























