საქართველოს მთავრობა ბორჯომის მუნიციპალიტეტში მანგანუმის მოპოვების ლიცენზიის გასაცემად აუქციონს გამოაცხადებს - ამის შესახებ მთავრობის 9 დეკემბრის განკარგულებიდან ირკვევა. ლიცენზია 23,286 ტონა მანგანუმის მოპოვებას შეეხება და მისი საწყისი ღირებულება 931,000 ლარი იქნება.
სალიცენზიო არეალი ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ყვიბისში მდებარეობს.
"ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ყვიბისის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე, მდ. მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, 23 286.9 ტონა სასარგებლო წიაღისეულის (სილიკომანგანუმის ქერქული ნარჩენების ტექნოგენური დანაგროვი) მოპოვების მიზნით, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემისათვის აუქციონის საწყისი ფასი განისაზღვროს 931 476 ლარის ოდენობით;
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ – მინერალური რესურსების ეროვნულ სააგენტოს მიეცეს თანხმობა, სასარგებლო წიაღისეულის (სილიკომანგანუმის ქერქული ნარჩენების ტექნოგენური დანაგროვი) მოპოვების ლიცენზიის გაცემისათვის განსაზღვროს დამატებითი სალიცენზიო პირობა", - ნათქვამია მთავრობის განკარგულებაში.
2025 წლის მდგომარეობით, საქართველოში მანგანუმის მოპოვების მაჩვენებლები შემცირებულია. იანვარ-ოქტომბრის განმავლობაში ქვეყნიდან სულ 175 მილიონი დოლარის ღირებულების ფეროშენადნობების ექსპორტი განხორციელდა, რაც წლიურად 44%-ით შემცირებული მაჩვენებელია.




























