მთავრობის განკარგულებით ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ქალაქ ბორჯომში, „პლატოზე“ მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას სახელმწიფო ტყის სტატუსი შეუწყდება და პირობებიანი ელექტრონული აუქციონის ფორმით გასხვისდება.
ტყე 49 246 კვ/მ, დაახლოებით 5 ჰექტარია და არასასოფლო-სამეურნეო სტატუსი აქვს. (ყოფილი სახელმწიფო ტყის ფონდი).
განკარგულებაში წერია, რომ უძრავი ქონების საწყისი საპრივატიზებო თანხა 3 940 000 ლარად განისაზღვრა.
აუქციონის გამარჯვებულს შემდეგი პირობების შესრულება დაევალება:
- ინვესტიციის ვალდებულება: არანაკლებ 2 მილიონი ლარის (დღგ-ს გარეშე) ინვესტიციის განხორციელება;
- ობიექტის შექმნა და ამოქმედება: ხელშეკრულების გაფორმებიდან 32 თვის ვადაში ნაკვეთზე (ან მის ნაწილზე) უნდა შეიქმნას გამაჯანსაღებელ-დასასვენებელი კომპლექსი;
- კომპლექსის შემადგენლობა: პროექტი უნდა მოიცავდეს (თუმცა არ შემოიფარგლოს მხოლოდ) ღია ან/და დახურული ტიპის აუზ(ებ)ით, სპორტული მოედნებით (ჩოგბურთისა და პადელის მოედნების ჩათვლით), არანაკლებ 30 ავტომობილზე გათვლილი ავტოსადგომით, გარე განათებითა და გამწვანებული სივრცეებით;
- ფულადი კომპენსაცია: ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 თვის ვადაში ეროვნული სატყეო სააგენტოს ანგარიშზე უნდა ჩაირიცხოს 500 000 ლარის ოდენობის კომპენსაცია;
- ეკოსისტემების დაცვა: მიწის ნაკვეთის არანაკლებ 75%-ზე არსებული მერქნიანი მცენარეებისა და ბუნებრივი ეკოსისტემების შენარჩუნება/დაცვა;
- საპრივატიზებო თანხის გადახდა: აუქციონის დასრულებიდან არაუმეტეს 45 კალენდარული დღის ვადაში.
მთავრობის განკარგულების მე-2 პუნქტი, რომელიც პრივატიზების პირობებს ამტკიცებს, ძალაში შევა მას შემდეგ, რაც ქონებისთვის სახელმწიფო ტყის სტატუსის შეწყვეტა დარეგისტრირდება.
განკარგულებას, რომელიც 1-ელი ოქტომბრით არის დათარიღებული ხელს "ოცნების" პრემიერი ირაკლი კობახიძე აწერს.




























