„მთავრობა მაქსიმალურად ცდილობს, რომ სოციალურ პრობლემას ინვესტორმა მოუაროს ანუ ინვესტორი მოელაპარაკოს მოსახლეობას“, - ასე უპასუხა bm.ge-ისთან ინტერვიუში კომპანია „ფერის“ აღმასრულებელმა დირექტომა კითხვას - რამდენად აქტიურად ეხმარება მთავრობა ენერგეტიკის სექტორში მოღვაწე კომპანიებს მოსახლეობასთან კომუნიკაციაში, რადგან ფაქტია, ბოლო წლებში ახალი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა ადგილობრივ მოსახლეობაში მეტწილად პროტესტს იწვევს.
Bm.ge-ის რეპლიკას - „ფაქტია, მოსახლეობასთან კომუნიკაცია ინვესტორებს მარტო არ გამოსდით“, ლაშა იორდანიშვილიც დაეთანხმა - „ფაქტია, რადგან ძალიან დიდი დემაგოგია და სიცრუე გვხდება მეორე მხარეს ჩვენი ქვეყნის განვითარების წინააღმდეგ“.
- ამ ყველაფრის გათვალისწინებით, რამდენად სწორი სტრატეგიაა ადგილობრივი მოსახლეობის და ინვესტორის ერთი ერთზე დატოვება?
- იცით, მე ქართველი ინვესტორი ვარ, მაგრამ ბრიტანელი ინვესტორი რომ იყოს ჩემს ადგილას, იტყვის, რომ მე ყველა ვალდებულება შევასრულე და კეთილი ინებე, მთავრობავ და დაიცავი ჩემი უფლებები თუ არადა გიჩივლებ. არის კიდევ ერთი მომენტი, ჩვენ გვაქვს ცუდი მაგალითები, მაგალითად, „ხადორი-3 ჰესის“ პროექტი პანკისში, გახსოვთ, როგორ დაძაბულობა იყო... და უკვე ჩვენ ვთხოვთ მთავრობას, მოგვეცით დრო, რომ თვითონ მოვაგვაროთ მოსახლეობასთან რიგი საკითხები და ეს მთავრობასაც აწყობს და მისაღებია. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, რამდენად მომგებიანი იყო პანკისის მოვლენები? რა თქმა უნდა, ის ძალიან მძიმე და წამგებიანი იყო ქვეყნისთვის.
- მთავრობის წევრები, განსაკუთრებით ეკონომიკის მინისტრი ყველაზე ხშირად საუბრობს კომუნიკაციის სტრატეგიის შექმნაზე, მაგრამ წლები გადის და მხოლოდ ლაპარაკი გვესმის, შედეგი კი არა. ასეთ სიტუაციაში მარტო ინვესტორს რისი გაკეთება შეუძლია?
- ჩვენ შეგვიძლია შევავსოთ ის სივრცე, სიცარიელე, რაც შეიძლება იყოს მოსახლეობასთან. აქტიური კომუნიკაციის გარეშე არაფერი გამოვა. სახელმწიფო კი ყოველთვის უნდა ამტკიცებდეს, რომ ახალი ენერგეტიკული პროექტების განხორციელება არის ძალიან მნიშვნელოვანი.
- რა არის ის ჭერი მოცდის თუ ლოდინის, როცა შეიძლება ხელი ჩაიქნიოთ და თქვათ, რომ შეუძლებელია აქ ახალი ჰესების აშენება?
- არასდროს.
- მთავრობას მაინც არ აძლევთ გარკვეულ ვადას?
- რა ვადა უნდა მივცეთ? ან რაში უნდა ვეკამათო, რა ვუთხრა - ამინაზღაურე ზიანი, რომელიც მომადგა სხვადასხვა პროექტის შეჩერების გამო-მეთქი?! ასეთი ნაბიჯი არ გადამიდგამს და არც ვაპირებთ. ჩვენი ამოცანააა, ავაშენოთ ყველა ჰესი, რომლის აშენება ჩვენი ქვეყნისთვის მომგებიანად მიგვაჩნია. არ დავიღლებით და აუცილებლად ავაშენებთ იმ ხალხთან ერთად, რომელიც მათ აპროტესტებდა და მათ გარეშე, ვინც დესტრუქციულ ძალას წარმოადგენს.