საქართველოს მთავრობა ეძებს ინვესტორს, ვინც გარდაბანში 350-430 მეგავატის სიმძლავრის ახალ თბოელექტროსადგურს ააშენებს. ამისთვის ინტერესთა გამოხატვა მიმდინარე წლის ზაფხულში გამოცხადდა, თუმცა კონკურსის დასრულების ვადა რამდენჯერმე გადავადდა.
ნავთობისა და გაზის კორპორაციის მიერ გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, აუქციონის დასრულების ვადა კიდევ ერთხელ, ამჯერად 2024 წლის 15 იანვრამდე გადავადდა.
"სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებით, სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“ გაცნობებთ, რომ 350-430 მგვტ სიმძლავრის თბოელექტროსადგურის ასაშენებლად შპს „გარდაბნის
თბოსადგური 3“-ის 100%-იანი წილის გაყიდვისა და ინვესტორის შერჩევის მიზნით 2023 წლის 30 ივნისს გამოცხადებული წინადადებების მიღების (RfP) პროცედურისთვის წინადადებების წარმოდგენის ვადა 2024 წლის 15 იანვრამდე (18:00 საათამდე) გაგრძელდა", - ნათქვამია GOGC-ის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
დაინტერესებულ ინვესტორებს წინადადებები თავდაპირველად 31 აგვისტომდე უნდა წარედგინათ, რაც 31 ოქტომბრამდე, ახლა კი, 30 ნოემბრამდე გადავადდა.
თავდაპირველად გარდაბნის მუნიციპალიტეტში 272 მგვტ სიმძლავრის კომბინირებული ციკლის მე-3 თბოელექტროსადგურის მშენებლობა იგეგმებოდა. ამასთან, პროექტის განმახორციელებელი და დამაფინანსებელი თავად GOGC უნდა ყოფილიყო, თუმცა 2023 წელს პირობები შეიცვალა და სახელმწიფოს ნაცვლად პროექტი კერძო ინვესტიციით უნდა განხორციელდეს.
ტენდერში გამარჯვებულად უნდა შეირჩეს კომპანია, რომელიც სახელმწიფოსგან გამოისყიდის “გარდაბანი 3”-ის აქტივებს და მის ბაზაზე ახალ თბოსადგურს ააშენებს.
ტენდერში მონაწილეობის მსურველმა კომპანიებმა უნდა წარადგინონ დამადასტურებელი ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მათ 2012 წლის შემდგომ აშენებული აქვთ კომბინირებული ციკლის თბოსადგური, რომლის სიმძლავრეც მინიმუმ 150 მეგავატს შეადგენს. ახალი თბოელექტროსადგური კორპორაციის კუთვნილ მიწაზე, უკვე არსებული თბოსადგურების „გარდაბანი 1“ და “გარდაბანი 2“-ის მიმდებარედ აშენდება.
გარდაბნის თბოსადგური 3-ის ასაშენებლად ტენდერი პირველად 2020 წელს გამოცხადდა. მაშინ 272-მეგავატიანი სადგურის მშენებლობისთვის საუკეთესო პრეტედენტად თურქული “ჩალიკ ენერჯი” დასახელდა, რომელიც პროექტს $174.8 მილიონ დოლარად ააშენებდა. თუმცა, 2021 წლის გაზაფხულზე, კორპორაციამ განაცხადა, რომ “ჩალიკ ენერჯისთან" კონტრაქტი აღარ გაფორმდებოდა.