მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სახელმწიფო ქონების სააგენტოს GOGC-ის, ესკოს და ენგურჰესის მართვა დაევალება - კანონპროექტი

ელექტროენერგია

საქართველოს მთავრობის საკუთრებაში არსებული უმსხვილესი ენერგეტიკული კომპანიების მართვის სტრუქტურა შეიცვლება - ამას ითვალისწინებს კანონპროექტი, რომელსაც პარლამენტი განიხილავს. პროექტი საქართველოს მიერ ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების წინაშე აღებული ვალდებულების ნაწილს წარმოადგენს, რომლითაც სახელმწიფომ ერთმანეთისგან უნდა გამიჯნოს გენერაციისა და განაწილების ქსელების მქონე კომპანიების მმართველობითი სტრუქტურები.

ამ მიზნის განსახორციელებლად, ენერგეტიკის კომპანიების მართვაზე პასუხისმგებლობა გადაეცემა სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, ეს მოიცავს ენგურჰესს, ნავთობისა და გაზის სახელმწიფო კორპორაციას (GOGC) და ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს.

კანონპროექტი დღეს კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განიხილეს, საკითხის მომხსენებელმა, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ დავით სონღულაშვილმა განაცხადა, კანონპროექტით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის წარმოებისა და ვაჭრობის განმახორციელებელი საწარმოების მართვას განახორციელებს ქონების ეროვნული სააგენტო, ხოლო ელექტროენერგიის და ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის ოპერატორების მართვა განხორციელდება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ახალი დეპარტამენტის მიერ, რომელიც ჩარეული არ იქნება ენერგეტიკული პოლიტიკის განსაზღვრის ან რეგულაციის დადგენის საკითხებში.

დავით სონღულაშვილმა აღნიშნა, რომ შემოთავაზებული ცვლილებებით, ქონების სააგენტოს უჩნდება უფლებამოსილება მის მართვაში მყოფ ენერგეტიკულ საწარმოებში შექმნას სამეთვალყურეო საბჭო, ხოლო სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის ოპერატორებში აუცილებლად უნდა შეიქმნას სამეთვალყურეო საბჭო.

„ენერგეტიკული გაერთიანების კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს განესაზღვრა ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის ოპერატორის განცალკევების ვალდებულება და ენერგეტიკული გაერთიანების მხრიდან, განცალკევების მოთხოვნის შესაბამისად, აღნიშნული მოდელი შეირჩა“, - აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.

კანონპროექტის მიღების შემდეგ სახელმწიფო სექტორში არსებული ენერგეტიკული კომპანიები დააკმაყოფილებენ ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების მოთხოვნას მმართველობის სტრუქტურის გამიჯვნის შესახებ.

კანონპროექტის მიხედვით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში შეიქმნება ენერგეტიკული საწარმოების მართვის განმახორციელებელი ახალი დეპარტამენტი, რომელიც ახალი თანამშრომლებით დაკომპლექტდება. 2025 წელს ამისთვის 317 ათასი ლარის დაფინანსების, 2026 წელს 296 ათასი ლარის, ხოლო 2027 წელს 323 ათასი ლარის დახარჯვა იგეგმება ახალ დეპარტამენტზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები