მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა ექსპორტის ლოგისტიკურ ხარჯებს დააფინანსებს|საერთაშორისო ვაჭრობის მხარდაჭერის პროგრამა დამტკიცდა

ექსპორტი საქართველო

საქართველოს მთავრობამ „საერთაშორისო ვაჭრობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა" დაამტკიცა, რომელსაც სს საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია განახორციელებს.

30 ივლისის დადგენილებით, პროგრამის მიზანია საქართველოში წარმოებული პროდუქტის საერთაშორისო ბაზარზე ვაჭრობის სტიმულირება, ლოგისტიკური ხარჯების თანადაფინანსებით.

კერძოდ, სახელმწიფო პროგრამა მოიცავს ლოგისტიკური ხარჯების თანადაფინანსების ორ კომპონენტს:

  1. გადაზიდვის მომსახურების კომპონენტი;
  2. სასაწყობო მომსახურების კომპონენტი.

ბენეფიციარს შეუძლია გამოიყენოს ორივე კომპონენტი (ერთდროულად ან ცალ-ცალკე).

გადაზიდვის მომსახურების კომპონენტის ფარგლებში კორპორაცია უზრუნველყოფს საერთაშორისო ბაზარზე პროდუქციის გადაზიდვასთან დაკავშირებული ხარჯების თანადაფინანსებას. ბენეფიციარი თავად შეარჩევს გადამზიდ კომპანიას, რომლისთვისაც კორპორაცია, ამ პროგრამით დადგენილი პირობების შესაბამისად, უზრუნველყოფს მომსახურების საფასურის ნაწილის (კორპორაციის წილის) ანაზღაურებას. კომპონენტის ფარგლებში თანადაფინანსების მოცულობა შეადგენს გადაზიდვის საფასურის არაუმეტეს 50%-ს. იმ შემთხვევაში, თუ ბენეფიციარს პირველად გააქვს პროდუქცია საერთაშორისო ბაზარზე, კორპორაციის თანადაფინანსებაა გადაზიდვის საფასურის 100%. ამასთან, გადაზიდვის მომსახურების კომპონენტში ჩართვამდე პროდუქციის სატესტო ნიმუშების გადაზიდვა არ მიიჩნევა საერთაშორისო ბაზარზე პირველად გატანად. გადაზიდვის მომსახურების კომპონენტის ფარგლებში, ერთი სამეურნეო წლის განმავლობაში, ერთი ბენეფიციარისთვის გასაცემი/ გაცემული თანადაფინანსების ჯამური მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 50 000 ლარს. ერთი სამეურნეო წლის განმავლობაში, ურთიერთდამოკიდებული პირებისთვის გასაცემი/გაცემული თანადაფინანსების ჯამური მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 100 000 ლარს. გადაზიდვის მომსახურების კომპონენტის ფარგლებში არ დაფინანსდება ინკოტერმსის ის პირობა, რომელსაც კორპორაციის დირექტორი საბჭოსთან შეთანხმებით განსაზღვრავს და საქართველოს საბაჟო კოდექსით განსაზღვრული რეექსპორტი.

სასაწყობო მომსახურების კომპონენტის ფარგლებში კორპორაცია უზრუნველყოფს საერთაშორისო ბაზარზე გატანილი პროდუქციის დასაწყობებასთან დაკავშირებული ხარჯების თანადაფინანსებას. თანადაფინანსების მოცულობა შეადგენს დასაწყობებასთან დაკავშირებული ხარჯების 50%-ს. ერთი სამეურნეო წლის განმავლობაში, ერთი ბენეფიციარისთვის გასაცემი/ გაცემული თანადაფინანსების ჯამური მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 50 000 ლარს. სასაწყობო მომსახურების კომპონენტის ფარგლებში, ერთი სამეურნეო წლის განმავლობაში, ურთიერთდამოკიდებული პირებისთვის გასაცემი/გაცემული თანადაფინანსების ჯამური მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 100 000 ლარს. არ დაფინანსდება საქართველოს საბაჟო კოდექსით განსაზღვრული რეექსპორტის შედეგად დასაწყობებული პროდუქცია.

ბენეფიციარის მიმართ მოთხოვნები:

ა) მეწარმე სუბიექტის წინა სამეურნეო წლის შემოსავალი არ აღემატება 60 მლნ ლარს;

ბ) სახელმწიფოს მიმართ არ აქვს საგადასახადო დავალიანება (გარდა იმ შემთხვევისა, თუ საგადასახადო დავალიანების გადახდევინება გადავადებულია ან მისი გადახდის ვალდებულება შეჩერებულია კანონის საფუძველზე);

გ) არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში;

დ) მეწარმე სუბიექტის დამფუძნებელი/წილის მესაკუთრე იურიდიული პირის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წინა სამეურნეო წლის შემოსავალი არ აღემატება 60 მლნ ლარს;

ე) მეწარმე სუბიექტის სესხმა/სალიზინგო პროექტმა არ განიცადა დეფოლტი „მიკრომეწარმეობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 12 ივლისის №229 დადგენილებისა და „საკრედიტო საგარანტიო სქემის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 29 მარტის №163 დადგენილების ფარგლებში ან/და შეწყვეტილი აქვს პროგრამაში მონაწილეობის უფლება, „მიკრომეწარმეობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 12 ივლისის №229 დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის მე-5 მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად;

ვ) არ აქვს „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამის − „აწარმოე საქართველოში“ ინდუსტრიული ნაწილის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის ან/და უნივერსალური ინდუსტრიული ნაწილის 12​​​39 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ან/და „გ“ ან/და „დ“ ქვეპუნქტების (ასევე დადგენილების 2025 წლის 1 სექტემბრამდე მოქმედი რედაქციის 12​​​34 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტების) შესაბამისად შეწყვეტილი თანადაფინანსება;

ზ) არ არის რეგისტრირებული კორპორაციის ვადაგადაცილებულ დებიტორად ან/და მის წინააღმდეგ არ არის დაწყებული სამართლებრივი დავა.

მეწარმე პროგრამაში მონაწილეობისთვის კორპორაციას მიმართავს განაცხადით. კორპორაცია 10 სამუშაო დღეში ამოწმებს განაცხადს და იღებს გადაწყვეტილებას პროგრამაში ჩართვის შესახებ. დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, 14 დღეში მხარეებს შორის ფორმდება ხელშეკრულება. ხელშეკრულების საფუძველზე ბენეფიციარი მიმართავს კორპორაციას თანადაფინანსების ანაზღაურების მისაღებად. კორპორაციის დირექტორი უფლებამოსილია, საბჭოსთან შეთანხმებით, განსაზღვროს:

ა) პროგრამის ფარგლებში თანადაფინანსების პირობები, მათ შორის, თითოეული გადაზიდვისთვის განსაზღვრული თანადაფინანსების მაქსიმალური ოდენობა;

ბ) ბენეფიციარის მიმართ დამატებითი კრიტერიუმები/მოთხოვნები;

გ) განაცხადისა და თანადაფინანსების ანაზღაურებისათვის სავალდებულოდ წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა;

დ) კომპონენტების ადმინისტრირებისა და შემოსული განაცხადების შეფასების წესი (მეთოდოლოგია);

ე) კომპონენტ(ებ)ით სარგებლობის სხვა პირობები/მოთხოვნები, რაც არ არის დარეგულირებული ამ პროგრამით.

პროგრამის დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტით პროგრამისთვის გათვალისწინებული ასიგნებები ან/და კორპორაციის ბიუჯეტით გათვალისწინებული სხვა სახსრები. პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები შესაძლებელია, დაფინანსდეს საერთაშორისო ან/და დონორი ორგანიზაციების, ასევე საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა სახსრებით. ამ შემთხვევაში შესაძლებელია, დაფინანსება სრული/ ნაწილობრივი ოდენობით მოხდეს დონორი ორგანიზაციის მეშვეობით ან/და ჩაირიცხოს სახელმწიფო ხაზინაში კორპორაციის საკუთარი შემოსავლების ანგარიშზე. კორპორაციის დირექტორი, საბჭოსთან შეთანხმებით, განსაზღვრავს პროგრამის (ყოველი კომპონენტის) წლიურ ბიუჯეტს. პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება ან/და დადასტურება შეჩერდება, თუ პროგრამის კომპონენტ(ებ)ის ფარგლებში კორპორაციის მიერ ასაღები ვალდებულებების მოცულობა გადააჭარბებს ბიუჯეტის მოცულობას.

კორპორაცია, მის მიერ დადგენილი წესითა და ვადებში, უზრუნველყოფს ბენეფიციარის მხრიდან პროგრამით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს. ბენეფიციარი, თავის მხრივ, ვალდებულია, ხელი შეუწყოს კორპორაციას ამ პუნქტით გათვალისწინებული მონიტორინგის ჩატარებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები