საქართველოს მთავრობა, ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი ფარმაცევტული საწარმოსთვის - GM Pharma-სთვის 14,031 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ექსპოპრიაციის გზით ჩამორთმევას გეგმავს - შესაბამისი ბრძანება ეკონომიკის მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა 29 მაისს გამოსცა.
ბრძანების თანახმად, ექსპროპრიაცია თბილისი-რუსთავის მაგისტრალის მშენებლობას უკავშირდება. მიწის ნაკვეთი, რომლის ჩამორთმევასაც მთავრობა გეგმავს მდებარეობს რუსთავის გზატკეცილის 52 ნომერში, სადაც GM Pharma-ს 151,117 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთი ეკუთვნის, საიდანაც 14,031 კვადრატული მეტრის ექსპროპრიაცია იგეგმება.
მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ მომზადებული პროექტის მიხედვით, მაგისტრალმა უნდა გადაკვეთოს GM Pharma-ს საკუთრებაში ამჟამად არსებული ტერიტორია. რენდერის მიხედვით, მაგისტრალი ფარმაცევტული საწარმოდან რამდენიმე მეტრის დაშორებით განთავსდება.
BMG-მ GM Pharma-ს კითხვით მიმართა გაასაჩივრებს თუ არა კომპანია ეკონომიკის მინისტრის ბრძანებას, თუმცა ჯერჯერობით, პასუხი არ მიგვიღია.
თბილისი-რუსთავის დამაკავშირებელი მაგისტრალის განახლებული მარშრუტი:

მაგისტრალის არსებულ მონაკვეთთან დაერთების სქემა - მარჯვნივ "ჯი ემ ფარმას" საწარმო:

თბილისი-რუსთავის მაგისტრალის დარჩენილი მონაკვეთი:
თბილისი-რუსთავის დამაკავშირებელი მაგისტრალის მშენებლობა 2019 წელს თავდაპირველი პროექტის ხარვეზების და ქვემო ფონიჭალის მოსახლეობის პროტესტის გამო შეწყდა. პირვანდელი პროექტით მაგისტრალს მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ქვემო ფონიჭალაში უნდა გაევლო, თუმცა საცხოვრებელი ზონიდან გზის 50 მეტრზე ნაკლები დაშორების და სხვა ფაქტორების გამო მოსახლეობამ მისი შეჩერება მოითხოვა.
თბილისი-რუსთავის მაგისტრალის პროექტი 2014 წელს, მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ დაიწყო და აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით ხორციელდებოდა. გზის პირველი და მესამე მონაკვეთების მშენებლობა დასრულებულია. სამუშაოებზე 184 მლნ ლარი უკვე დაიხარჯა.
მეორე მონაკვეთის მშენებლობა კი 2019 წლიდან დაკონსერვებულია, ხოლო 2020 წლის ივნისში დაფინანსების სასესხო შეთანხმებას ვადა გაუვიდა, რის გამოც ADB პროექტის ფინანსირებაში აღარ მონაწილეობს.
2024 წლის ივნისში მუნიციპალური განვითარების ფონდმა გამოაცხადა ხელახალი ტენდერი გზის საპროექტო სამუშაოებზე. ტენდერში კომპანია "კოკს კონსალტის" საქართველოს ფილიალმა გაიმარჯვა და მას 3.2 მილიონიანი კონტრაქტი გაუფორმდა. 2025 წლის აპრილში საპროექტო სამუშაოები დასრულდა. ახალი 3.6-კილომეტრიანი პროექტით, შეიცვალა ფონიჭალის მონაკვეთის განლაგება. თუკი წინა პროექტით გზას ფონიჭალაზე უნდა გაევლო, ახალი პროექტით გზა ფონიჭალის ძველ გზაზე აღარ გაივლიდა, 211 მეტრის სიგრძის ხიდით გადაკვეთდა მტკვარს, შემდეგ დაახლოებით 1 კილომეტრს გაივლის მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე (სადაც ახლა კერძო სახლებია), შემდეგ 170-მეტრიანი ხიდით გადაკვეთს მტკვარს, დაბრუნდება მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, გაივლის ტერიტორიას, სადაც ამჟამად ინდუსტრიული ზონაა და არაერთი კომპანიის კერძო საკუთრებაა, რის შემდეგაც GM Pharma-ს საწარმოს მიმდებარედ დაუკავშირდება გზის უკვე დასრულებულ მონაკვეთს.
ინფრასტრუქტურის სამინისტრომ გზის ამ მონაკვეთის მშენებლობისთვის 2025 წლის ოქტომბერში 113 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა. ტენდერში წინადადება მხოლოდ ერთმა კომპანიამ, თურქულმა YDA İNŞAAT SANAYİ VE TİCARET ANONİM ŞİRKETİ-მ წარადგინა 103.6 მილიონი ლარის ოდენობით, თუმცა გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ნაკლოვანებების გამო სატენდერო კომისიამ მისი დისკვალიფიკაცია მოახდინა, რის გამოც ტენდერი უშედეგოდ დასრულდა.
ამასთან, მნიშვნელოვანია გარემოება, რომ გასულ წელს გზაზე ტენდერი გამოცხადდა ისე, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტროს არ ჰქონდა კერძო მესაკუთრეებისგან მიწები გამოსყიდული, ამჟამინდელი მდგომარეობითაც, ტერიტორიაზე მიწის გამოსყიდვა არაა დასრულებული და მთავრობა ამ მიმართულებით უკვე ექსპროპრიაციის მექანიზმსაც იყენებს.




























