სტუმარმასპინძლობის სექტორში კრიზისია. ბიზნესი ამბობს, რომ სასტუმროებში ჯავშნები გაუქმებულია, განთავსების ობიექტების ნაწილი დაიხურა, ის ვინც მუშაობას აგრძელებს, არ იცის როგორ გადაიხდის ხელფასებს და მოემსახურება მათ შორის საბანკო ვალდებულებებს.
განსხვავებული მდგომარეობა არც სარესტორნო დაწესებულებებშია. ბიზნესი ამბობს, რომ მოსახლეობაში საზეიმო განწყობა არ არის. წინასაახალწლო პერიოდი კი, რომელიც ამ სექტორისთვის შემოსავლიანობის მხრივ ერთ-ერთი აქტიური უნდა ყოფილიყო, მოხდა პირიქით. უმრავლესობამ ყველა დაგეგმილი ღონისძიება გააუქმა.
რესტორატორი ვახტანგ კანდელაკი "რედაქტ2"-თან ინტერვიუში ამბობს, რომ სექტორი მძიმე ფინანსურ მდგომარეობაშია. იმის გამო, რომ რესტორანში სტუმარი არ მიდის, ობიექტებს საბიუჯეტო გადასახადების გადახდის პრობლემაც დაუდგათ. მისი თქმით, რესტორნების 50%-ზე მეტმა დღგ-ს გადასახადი ვერ გადაიხადა და აღნიშნული თანხები თანამშრომლების ხელფასების და სხვა ხარჯების დასაფარად გამოიყენეს.
თუ კრიზისი გაგრძელდა, რესტორატორი ამბობს, რომ ბიზნესი იძულებული იქნება ობიექტები დახუროს.
„ობიექტის დახურვა არის ყველაზე პრობლემური. წლებია კრიზისმენეჯმენტში ვარ და ყველა დამკვეთს ვეუბნებით, რომ გირჩევნია ახლა ამას გაუძლო, ვიდრე დაიხურო, რადგან დახურვის შემდეგ უფრო გაგიძნელდება როგორც ადამიანური რესურსის, ასევე ფინანსური სახსრების მოძიება.
აქედან გამომდინარე, სახელმწიფო ჩვენ გვაიძულებს ადამიანური რესურსი გამოვყოთ და მერე ჩვენ დაგვაბრალებენ დარწმუნებული ვარ, რომ კერძო სექტორმა გააკეთა ის, რომ უმუშევრობის დონე გაზარდა, რადგან გვაიძულებს ადამიანი გავუშვათ სამსახურიდან. მე ჯერჯერობით შემიძლია ჩემს თანამშრომელს 15 რიცხვში გადავუხადო ხელფასი, თუმცა 30-ში ვეღარ გადავუხადო, მაგრამ წინასწარ გავაფრთხილო და რაიმე ბერკეტით შევეცადო, რომ 30 რიცხვში ხელფასი მივცე. წარმოუდგენელი რამ ხდება.
დეკემბერი არის ყველაზე შემოსავლიანი თვე, მუსიკოსებისთვის, მსახიობებისთვის, ვინც ქმნიან ერთგვარ საახალწლო განწყობას. უამრავი მსახიობი და მუსიკოსი წერს, რომ მე უარი ვთქვი საახალწლო ღონისძიებაზე, არ მაქვს სამღერლად საქმე. ყველა სფერო ზარალდება“, - აცხადებს ვახტანგ კანდელაკი.